სახალხო დამცველის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა რთულია, რომლებსაც საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება ისევ არ ეძლევათ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ომბუდსმენის განცხადებით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა უფრო და უფრო მძიმდება.

  • მისი თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენითა და ჯარიმით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები.
  • განცხადების მიხედვით, 2009 წლიდან 2021 წლამდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის 3 285 ადამიანი დააკავა მათგან 1 325 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 960 ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით.

დეტალები: ომბუდსმენი აცხადებს, რომ მოქალაქეთა უკანონო დაკავებებთან ერთად, ხშირია ოკუპირებული ტერიტორიების დროებით დაკავების იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში პატიმართა ცემის, არასათანადო მოპყრობის და წამების ფაქტები.

  • მისივე ცნობით,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარებაა მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც.
  • ოკუპირებული გალის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, მათ შორის, მე-11 კლასშიც და მშობლიური ენა უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა.
  • ოკუპირებულ ახალგორში 2021-2022 სასწავლო წელს მოსწავლეების არარსებობის გამო 1 ქართული სკოლა დაიხურა. მოქმედი 6 ქართული სკოლიდან, 5-ში ქართულ ენაზე მხოლოდ 9-11 კლასებში ისწავლება.

ფართო სურათი: სახალხო დამცველი ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს.