მართალია, სიკვდილს გადაურჩა, თუმცა, სიცოცხლეში არასდროს გამართლებულა ელიზაბეთ ჯონსონ უმცროსი. იგი, საბოლოოდ, სამი საუკუნის შემდეგ ცნეს უდანაშაულოდ. შტატის გუბერნატორმა ჩარლი ბეიკერმა ამის შესახებ დოკუმენტს ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი.

სალემში ჯადოქრობაში უკანასკნელი ბრალდებულის გამართლება სკოლის მასწავლებლის, კერი ლაპიერისა, და მისი მერვეკლასელი მოსწავლეების დამსახურებაა.

ლაპიერმა ჯონსონის ამბის შესახებ 2019 წელს გაიგო. იგი ისტორიას თავის კლასს მოუყვა, შემდეგ კი მათ ერთობლივი პროექტი წამოიწყეს, მოიკვლიეს ისტორიული მტკიცებულებები და კანონმდებლების სახელზე პეტიციაც კი დაწერეს.

"სასწავლო წლის დიდი ნაწილი პროექტზე მუშაობას დაუთმეს, პეტიციასთან ერთად, კანონმდებლებს წერილებიც კი მისწერეს, მოამზადეს პრეზენტაციები, ჩაატარეს საფუძვლიანი კვლევა ელიზაბეთ ჯონსონის ჩვენებებზე და მეტი გაიგეს სალემის კუდიანთა სამსჯავროებზე", — აღნიშნავს მასწავლებელი, — "ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ ამ ამბით".

მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევარი შტატის სენატორს დაიანა დიცოლიოს წარუდგინეს, რომელიც მათ მოთხოვნას მალევე შეუერთდა.

"ამ მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი მაგალითი გვაჩვენეს, რა ძალა აქვს მხარდაჭერას და ხმის ამაღლებას მათთვის, ვისაც ამის საშუალება არ აქვს", — აცხადებს სენატორი.

ფოტო: MPI / Getty Images

ხმის ამაღლების საშუალება კი სწორედ მათ არ ჰქონდათ, ვინც სალემში გაასამართლეს. დანაშაულის მოტივს ნაწილობრივ ქსენოფობიაც წარმოადგენდა, ბრალდებულთა უმეტესობა კი ქალი იყო. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფად იქცნენ რაიმე ნიშნით გამორჩეული ქალები: ისინი ვინც მონობაში იმყოფებოდა, უსახლკარო იყო, ან ქმარს საჯაროდ შეეკამათა.

ვარაუდობენ, რომ ჯონსონი შეიძლება შშმ პირი ყოფილიყო. მისი ახლობლები მას გულუბრყვილოდ ახასიათებდნენ, რის გამოც დამნაშავეების სამიზნედ მარტივად იქცა. ქალი 22 წლის იყო, "ეშმაკისეული მაგიის" გამოყენებაში რომ დაადანაშაულეს. ბრალდებულებს შორის მოხვდა მისი 28 ახლობელიც, მათ შორის, დედამისი, დეიდები და ბებია.

საბოლოოდ, ჯონსონმა გადარჩენა მოახერხა და 77 წლამდე იცოცხლა. უცნობია, დარჩა თუ არა მას შთამომავლები, შესაბამისად, მისი მხარდაჭერა აქამდე არავის მოსვლია თავში აზრად.

საბედნიეროდ, 21-ე საუკუნეში მას ახალგაზრდა მხარდამჭერები გამოუჩნდნენ, რომლებმაც დასახულ მიზანს მიაღწიეს. მოსწავლეებმა მის დასაცავად იმდენი იბრძოლეს, რომ მასწავლებლის თქმით, იგი "რაღაცნაირად" თავიანთი თანამედროვეც კი ჰგონიათ უკვე.

რაც შეეხება სალემის სამსჯავროებს, პროცესის ერთ-ერთმა მოსამართლემ, სემუელ სიუოლმა, 1697 წელს მასში მონაწილეობა ინანა. მასაჩუსეტსის მთავარმა სასამართლომ 1702 წელს სამსჯავროები უკანონოდ ცნო. სიკვდილით დასჯილებს ბრალდებები 1711 წელს მოუხსნეს, საუკუნეების შემდეგ კი, 1957 წელს, შტატმა კიდევ რამდენიმე ბრალდებული გაამართლა.

როგორც ვთქვით, ელიზაბეთ ჯონსონი სალემის სამსჯავროების უკანასკნელი ბრალდებულია, რომელიც უდანაშაულოდ ცნეს.