კატების გმირობაზე ბევრი რამ გვსმენია; ამ ბეწვის გორგლებს, რომელთაც, რატომღაც, გაზულუქებული არსებების რეპუტაცია აქვთ, პატრონის სიცოცხლეც კი არაერთხელ გადაურჩენიათ. ცოტა ხნის წინ ასე მოხდა აშშ-ში, მისისიპის შტატშიც, სადაც ფისომ, პატრონის სიცოცხლესთან ერთად, სახლი გადაარჩინა გაქურდვას.

ქალაქ ტუპელოში მცხოვრები 68 წლის ფრედ ევერიტი მედიასთან იხსენებს, როგორ იხსნა თავისმა კატამ იგი ბანდიტებისგან. რაც უნდა ირონიული იყოს, ფისოს, რომელიც პატრონმა 4 წლის წინ თავშესაფრიდან აიყვანა, სახელად ბანდიტი ჰქვია.

"ალბათ მცველ ძაღლებზე გსმენიათ", — ამბობს ფრედი, — "ეს კი მცველი კატაა".

ივლისის თვის მიწურულს, ღამის 3 საათი იქნებოდა, ბანდიტმა პატრონი რომ კნავილით და ხელის ფხაჭნით გააღვიძა. ფრედი მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

"ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია", — ჰყვება ევერიტი, — "გავიფიქრე, ნეტავი, რა სჭირს-მეთქი".

როცა კაცი საწოლიდან ადგა და კატას გაჰყვა, აღმოაჩინა, რომ უკანა კარის საკეტის ხმა ისმოდა. ფრედმა დაინახა, როგორ ცდილობდა ორი კაცი მის სახლში შეღწევას — ერთი საკეტს ეჯაჯგურებოდა ძალაყინით, მეორეს კი იარაღიც ეჭირა.

საბედნიეროდ, ფრედს წინააღმდეგობის გაწევა არ მოუხდა. პატრონის დანახვისთანავე, მძარცველები გაიქცნენ.

"მადლობა ღმერთს, დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა", — ამატებს ევერიტი, — "თუმცა, მგონი, ეს მხოლოდ კატის დამსახურებაა".