პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ საკითხზე როგორც ოპოზიციის, ასევე, უმრავლესობის კომენტარები საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურები გუშინ, 5 აგვისტოს წარადგინა, მათ შორის, კი გიორგი კალანდარიშვილი არაა.

  • ახალი კანდიდატურები კომისიამ 30 ივლისს წარუდგინა პრეზიდენტს, მასში კალანდარიშვილი იყო.

დეტალები: ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კალანდარიშვილის კანდიდატურის არწარდგენა მისი პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და საქმიანობის პრეზიდენტის მიერ არაჯეროვნად შეფასებას "კატეგორიულად გამორიცხავს".

  • წერენ, რომ კალანდარიშვილის კანდიდატურა ზურაბიშვილმა პარლამენტს ორჯერ წარუდგინა, თუმცა მან ვერცერთხელ ვერ მოიპოვა ხმების საჭირო რაოდენობა.

ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და წევრების არწარდგენა პარლამენტისთვის განპირობებულია იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა უკვე ორჯერ ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც 5 წლის ვადით ასარჩევად იყო საჭირო.

  • "ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთიდაიგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას".

გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართულობის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას.

  • "ცესკოს ინსტიტუციური გაძლიერება და საარჩევნო კანონმდებლობის ამ მიმართულებით დახვეწა ასევე გათვალისწინებულია ევროკავშირის რეკომენდაციებში, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად არის საჭირო".

კონტექსტი: გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს მოქმედი თავმჯდომარეა. ის პარლამენტმა მეორედ 15 თებერვალს აირჩია.