წერილის ავტორები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერენ მხარს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს ევროპარლამენტარების მიერ აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებაა.

დეტალები: ხაზს უსვამენ, რომ რუსი სამხედროები საქართველოში საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით შემოიჭრნენ, ქვეყნის 20% კი დღემდე ოკუპაციის ქვეშაა.

  • ისინი აგვისტოს ომს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის პირველ არაპროვოცირებულ ომს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებას ამაზე მკაფიო და ადეკვატური რეაქცია არ ჰქონია.
  • "აქედან გამომდინარე, რუსეთმა განაგრძო სამხედრო პოლიტიკა, 2014 წელს უკრაინაში შეიჭრა და უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, ხოლო 8 წლის შემდეგ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ".

ევროპარლამენტარები წერენ, რომ მსოფლიომ წარსულის გამოცდილებით უნდა ისწავლოს.

  • მათი თქმით, დემოკრატიულმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მთავარი მიზანი საქართველოს მთელი გეოპოლიტიკური ნების ოკუპაციაა.

  • "რათა საქართველო ევროატლანტიკურ კავშირში ინტეგრაციას აღარ ესწრაფვოდეს".
  • ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული ოცნების ლიდერების ქმედებებს "შეშფოთებით ადევნებენ" თვალს და აღნიშნავენ, რომ ეს ზიანს აყენებს საქართველოს შესაძლებლობას, უახლოეს მომავალში მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი.
  • წერენ, რომ ერთადერთი გზა საქართველოსთვის კრემლის ჰიბრიდული თუ სხვა ტიპის თავდასხმებისგან თავდასაცავად ევროკავშირის 12 პირობის შესრულებაა "დაწყებული დეპოლარიზაციით და დამთავრებული დეოლიგარქიზაციით".

წერილის ბოლოს, კუბილიური და იუკნევიჩიენე მმართველი გუნდის წევრების მიერ კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელზე გაკეთებულ განცხადებებს ბავშვურს უწოდებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ნაცვლად ამისა, EU-ს პირობების შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგან.

  • ყურადღებას ამახვილებენ ქართული ოცნების ლიდერების, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძინა ივანიშვილის "დასაცავად" გაკეთებულ განცხადებებზეც.
  • მიიჩნევენ, რომ ასეთი მცდელობები მხოლოდ დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ ივანიშვილი განსაკუთრებული გავლენების მქონე ოლიგარქია.