სასამართლო სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა "სირცხვილიას" 2 000 ლარით დააჯარიმა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გიორგი მჟავანაძე 17 მაისს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის საბაბით დააკავეს. მჟავანაძემ კი თქვა, რომ მას პოლიციამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

  • მჟავანაძე ჰყვება, რომ განყოფილებაში მის სახელზე მისული წერილის ასაღებად მივიდა. პოლიციელების გაღიზიანება კი მოჰყვა მჟავანაძის ფრაზას, რომ "ვიღაც პოლიციელს" ელოდებოდა.
  • აქტივისტმა თქვა, რომ მასზე იძალადეს, არაერთხელ გაარტყეს პოლიციელებმა სახეში და თავის არეში. ასევე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეუბნებოდნენ, რომ ამის შემდეგ ეცოდინება, პოლიციელზე "ვიღაც" რომ არ უნდა თქვას.

მჟავანაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ სასამართლომ კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო, ხოლო სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილში დამნაშავედ.

  • აცხადებს, რომ ბრალის ორივე ნაწილში მტკიცებულებებს მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები წარმოადგენდა. მჟავანაძის თქმით, შსს-ს არ წარმოუდგენია კამერის ჩანაწერები, რის გამოც, ორჯერ გადადო მოსამართლემ სხდომა და დაავალდებულა შსს, რომ მოეტანათ კამერის ჩანაწერები.
  • "თუმცა დღესაც ისე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ ეს კამერის ჩანაწერები შსს-ს დღემდე არ ქონდა. გაუგებარია, რატომ დებდა აქამდე სხდომას, თუ მაინც არ აპირებდა მოეტანა შსს-ს ეს ჩანაწერები და მათზე დაყრდნობით გამოეტანა განაჩენი".
  • მისი შეფასებით, პოლიციელები, რომლებმაც ჩვენებები მისცეს, არიან მხარე და მონაწილეობდნენ მის დაკავებაში.

NGO-ების შეფასებით, სამართალდამცავების ქმედებები აქტივისტების მიმართ შემაშფოთებელ ფორმებს იღებს.

  • თბილისი პრაიდის განცხადებით კი უმნიშვნელოვანესია, რომ მჟავანაძეზე ძალადობაში მონაწილე პოლიციელები სათანადოდ დაისაჯონ.

კონტექსტი: მოძრაობა სირცხვილიას წევრები სხვადასხვა დროს არაერთხელ იყვნენ დაკავებულები. სამოქალაქო ორგანიზაციები აქტივისტების მიმართ გამოყენებულ ძალადობრივ და აგრესიულ ფორმებსა და მეთოდებზე საუბრობენ.

  • "პრობლემას ამძაფრებს პოლიციაში გავრცელებული დაუსჯელობის სინდრომიც", — აცხადებენ ისინი.