რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს! — რამდენიმე წლის წინ ამ შინაარსის ფრაზებით საქარველოში მოქმედ პრორუსულ პარტიებსა და კრემლის დეზინფორმაციას ვებრძოდით. თუმცა მაშინ ეს ნარატივი შედარებით ფარულად, ფეისბუქჯგუფებში და კრემლისტურ მედიებში ვრცელდებოდა.

დღეს საჭირო გახდა ეს ფრაზა კიდევ უფრო ხმამაღლა და ბევრჯერ გავიმეოროთ, რადგან ანტიდასავლური პროპაგანდა, თითქოს ევროპას და ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი აქვთ, ხშირად გვესმის, მათ შორის, მმართველი გუნდიდან.

სწორედ ამ მიზნით კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის აქტიური კამპანია დაიწყო. თავდაპირველად მეტროში გამოჩნდა ბანერი, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებდა, არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია და ამით პატივი სცცენ გმირების ხსოვნას.

ფოტო: კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის

გუშინ კი იგივე მოწოდება რუსთაველის გამზირზე გაჟღერდა. პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე გამოჩნდა წარწერა — რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს. პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განიხილავდნენ კრემლისტურ შეთქმულების თეორიას, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან, რომელთა საქმიანობაც რუსეთის აგრესიისგან დაცვასა და ჩვენი მოქალაქეობის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვას ემსახურება.

ფოტო: On.ge

ეს კამპანია სწორედ აგვისტოს ომის ხსოვნას ეძღვნება. ორგანიზატორები განმარტავენ, რომ კრემლის მხარდამჭერი ჯგუფები ამ პერიოდში ყოველწლიურად ავრცელებენ 2008 წლის ომთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას, თუმცა წელს რუსეთის მიერ უკრაინაში გაუმართლებელი შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ფონზე განსაკუთრებით გააქტიურდნენ.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის 14 წლისთავმა კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენოს, რამდენად მნიშვნელოვანია ტყუილს, სიცრუესა და შეთქმულების თეორიებს სიმართლე დავუპირისპიროთ

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის

ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ რუსული დეზინფორმაციული გზავნილები, უკრაინაში მიმდინარე რუსეულ სამხედრო აგრესიაში მსხვერპლს — უკრაინას ადანაშაულებენ, სწორედ ისე, როგორც წლების განმავლობაში საქართველოში რუსეთის შემოჭრაში დამნაშავედ, ასევე მსხვერპლს — საქართველოს აცხადებდნენ.

"მსგავსი დეზინფორმაცია შეურაცხყოფს იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად და მათ მიერ ლეგიტიმური წინააღმდეგობის გაწევას ფუჭ მსხვერპლად წარმოაჩენს", — განაცხადეს მათ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ესაუბრნენ იმ ადამიანებს, ვისაც, ნებსით თუ უნებლიეთ, სჯერა იმ სიცრუის და კონსპირაციული თეორიის, რომ დასავლეთი ომში გვითრევს. კამპანიის ორგანიზატორების მიზანია კიდევ ერთხელ დაანახონ ყველას ქართული საზოგადოების ერთსულოვნება და შეახსენონ, რომ:

  • რუსეთი კვლავაც აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას;
  • რუსეთმა და მის კონტროლს დაქვემდებარებულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა განახორციელეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რის შედეგადაც ორივე რეგიონის ომამდელი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი სახლებიდან განდევნეს;
  • ეთნიკურ წმენდასა და ოკუპაციაზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტშია დაფიქსირებული;
  • რუსეთმა დაიწყო 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია - მათი სამხედრო ნაწილები, რომლებიც არ შედიოდნენ ე.წ. სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, 7 აგვისტოს შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და განახორციელეს სამხედრო აგრესია;
  • მსგავსი სცენარით, რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 2022 წელს;
  • დასავლეთს არ სურს საქართველოს ომში ჩართვა და წლების განმავლობაში მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო უსაფრთხო და დაცული ქვეყანა გახდეს.

ვთხოვთ ყველას, ნუ გაავრცელებთ სიცრუეს. გვახსოვდეს რისთვის დაიღუპნენ ჩვენი გმირები და პატივი ვცეთ მათ ხსოვნას

კოალიცია ინფომაციის სანდოობისთვის

პარლამენტთან ვიდეორგოლიც აჩვენეს, რომელშიც პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური პარტიის, ალტინფოს დეზინფორმაციულ გზავნილებს აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები პასუხობენ.

"აგვისტოს ომი ჩვენი გმირების და დასავლეთის დახმარებით შეჩერდა", — ამბობენ ისინი და აცხადებენ, რომ დეზინფრომაცია მათი დაღუპული ოჯახის წევრების ხსოვნას შეურაცხყოფს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ამდენი ცრუ ინფორმაციის პასუხად ვთქვათ რა არის რეალობა და ფაქტი. რეალობა კი ასეთია — ორივე შემთხვევაში ომი დაიწყო რუსეთმა.

"ბევრი გზავნილი ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა. ასევე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პროკრემლისტური დაჯგუფებები ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ თავად უკრაინაა დამნაშავე ყველაფერში და იგივე გვესმოდა ჩვენ 2008 წლის შემდეგაც", — ამბობს ის On.ge-სთან.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი კი აცხადებს, რომ ახლა, როცა რუსეთის აგრესიული, იმპერიალისტური სახე ყველასთვის გამჟღავნდა, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანას გადარჩენისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზა ეძებნა, ხელისუფლება, ფაქტობრივად, აიდენტიფიცირებს მთელ სახელმწიფოს, როგორც რუსეთის მოკავშირე რეჟიმს.

ფოტო: On.ge

"თვითონ ხელისუფლებაც აქტიური ინსტრუმენტი ხდება პროპაგანდის და გვთავაზობს ღია მესიჯებს უშუალოდ ხელისუფლების და ხელისუფლების მართული აგრესიული ჯგუფების მხრიდან, რომ დასავლეთს უნდა ჩვენი ომში ჩათრევა, რომ ეს არის ჩვენთვის დამღუპველი, რომ ამას არ უნდა ავყვეთ და ადანაშაულებს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომ თუკი რაიმე მკვეთრი მოძრაობის გაკეთებას აპირებთ, ომი გინდათ", — ამბობს ის On.ge-სთან.

ხვადაგიანის თქმით, როდესაც სახელმწიფო ბარიკადის მეორე მხარეს რჩება, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, არის სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია და აქტიური მოქალაქეები.

"როგორც რუსული პროპაგანდა მუშაობს უხეში ნაჯახის ეფექტით, ამას უნდა დავუპირისპიროთ, ასევე, ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ ჩვენ ისედაც მუდმივად ომში ვართ რუსეთთან. ვხედავთ, რომ რუსეთისთვის ჩვენ არ ვარსებობთ, როგორც სახელმწიფო, ერი და ქვეყანა და ის გვიყურებს, როგორც საკუთარ ტერიტორიას; რომ რუსეთი არის ომის გამჩაღებელი, ის არის აგრესორი, ეთნიკური წმენდების, გენოციდური განადგურების შემოქმედი რომ ჩვენი ერთადერთი ფარი გადარჩენის და უსაფრთხოების არის დასავლეთი — დასავლური უსაფრთხოების ინსტიტუტები და დასავლური ცივილიზაცია", — აცხადებს ის.

ხვადაგიანის გამარტებით, სწორედ ამ ელემენტარული ჭეშმარიტების ღიად, ცხადად, მკაფიოდ და მასობრივად თქმაზეა ეს კამპანია აგებული. ამიტომ კოალიციის წევრები გეგმავენ აქტივობა გააგრძელონ და უფრო მეტ ადამიანს გააგებინონ, რა ზიანი აქვს დეზინფორმაციას.