ბარის დამფუძნებელმა On.ge-ის განუცხადა, რომ შეტევა დღეს დილით Facebook-ზე, Instagram-სა და Google-ზე დაიწყო. ასევე, გატეხეს ვებგვერდიც.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დედაენის ბარს ანტიოკუპაციური მიდგომა და რუსი მომხმარებლებისთვის სპეციალური წესები აქვს, ასევე, ღიად უჭერს მხარს უკრაინას.

  • ამის პასუხად რუსეთის მოქალაქეები ბარის სოციალურ ქსელებში მუქარისშემცველ კომენტარებს წერენ.

დეტალები: კიბერთავდასხმისას ბარის მონაცმები Google-ზე სხვადასხვანაირად შეცვალეს. ბარის დასახელებად დენაციფიკაცია ეწერა, ხოლო ვეგვერდის მისამართად kremlin.ru იყო მითითებული.

  • დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ დროისთვის, დაახლოებით, 10 500 შეფასებაა დაწერილი, როცა 4 წლის განმავლობაში ბარს Google-ში მხოლოდ 370-მდე შეფასება ჰქონდა.
  • მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად კონსულტაციებს გადიან და ეძებენ პროფესიონალებს.

მუქარა და დამცირება კომენტარებში: ანგარიშები რუსული სახელითა და გვარით ბარს, საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყანას შეურაცხმყოფელად და დამამცირებლად მოიხსენიებენ, ასევე, აგვისტოს ომის გამეორებით იმუქრებიან.

  • გთავაზობთ რამდენიმე კომენტარის თარგმანს, სადაც ჩანს რა ტიპის ლექსიკას იყენებენ რუსები:
  • "საჭმელში შემხვდა იმ ბავშვის ცხედრის ნარჩენები, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს მოკლეს."
  • "მედვედევი რა ხუმრობდა? თქვენ რა 2008 არ გეყოთ? მხოლოდ ერთი სიტყვა და რუსული ტანკები თბილისს აატალახებენ. სამხრეთ ოსეთი რუსეთია."
  • "ძველი რუსული ტრადიციით, კოვზი უნდა დაიჭირო მარჯვენა ხელში, ქართველები კი ამყოფო შიშში."

ფოტო: რამდენიმე კომენტარი გუგლის შეფასებებიდან და Instagram-იდან

რუსეთისა და პუტინის მხარდაჭერა: რუსები Z სიმბოლოებსა და ქვეყნის დროშებს აკომენტარებენ, ასევე მხარდაჭერას გამოხატავენ პუტინის მიმართ.

  • "დიდება რუსეთს, დამპალ მღრღნელებს [ქართველებს] სირცხვილი."
  • "ვლადიმერ პუტინი მაგარია, პოლიტიკოსი, ლიდერი და მებრძოლია. ჩვენმა პრეზიდენტმა ქვეყანა წამოაყენა."
  • "პოლონეთიდან ენისეამდე! რუსეთო, ჩემო რუსეთო."

დედაენის ბარში შესასვლელად რუსეთის მოქალაქეებმა სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ და ე.წ. ვიზა მოიპოვონ. ის შემდეგი პირობებისგან შედგება:

  • ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია;
  • ვგმობ რუსეთის აგრესიაში უკრაინაში;
  • ყირიმი უკრაინაა, ისევე, როგორც სხვა სადავო ტერიტორიები;
  • აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა;
  • საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ;
  • საქართველოს ყოველი მე-12 მოქალაქე რუსეთის აგრესიის გამო დევნილია;
  • მე მომწონს ფრაზა Russkii Voennii Karabl, Idi Na Xui;
  • დიდება უკრაინას.