შიშველი ფოტოების, ე.წ. "ნუდების", გადაღება (და თუნდაც ვინმესათვის გაგზავნა) საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რომელიც არაერთი ადამიანის სექსუალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ზოგი კი ამას უბრალოდ გასართობად აკეთებს. რაც არ უნდა იყოს საკუთარი თავისათვის შიშველი ფოტოსურათების გადაღების მოტივი, ამ დროს უსაფრთხოების საკითხი არაერთ ჩვენგანს აფიქრებს.

როგორც წესი, "ნუდების" ხელში ჩაგდებასა და გავრცელებას უმეტესად არა ჰაკერები, არამედ ის ადამიანები ცდილობენ, რომელთაც ისინი თავად გავუზიარეთ. შესაბამისად, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უმჯობესია, პირველ რიგში იმაზე დაფიქრდეთ, თუ რამდენად მიზანშეწონილია კონკრეტული პირისათვის ინტიმური ფოტოების გაგზავნა.

მეორე მხრივ, იმისათვის, რომ შიშველი ფოტოსურათები უსაფრთხოდ შეინახოთ და ჰაკერების ანდა უცხო პირების მხრიდან თქვენს მოწყობილობებში შეღწევა აიცილოთ თავიდან, რამდენიმე სხვა ნაბიჯის გადადგმაც შეგიძლიათ.

რჩევები iPhone-ის მომხმარებლებისათვის

Apple-ის პროდუქტებს მომხმარებლებისათვის კარგი ამბავი გვაქვს — თქვენი ფოტოსურათები უკვე საკმაოდ დაცულია, რადგან არაფრით გამორჩეული ჰაკერი iPhone-ში შეღწევას ვერ შეძლებს.

მიუხედავად ამისა, ფოტოების რაც შეიძლება უკეთ დასაცავად რამდენიმე მარტივი ხრიკი მაინც არსებობს.

  1. დააყენეთ iOS-ის ბოლო განახლებები, რადგან ისინი დაცვასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრას გვთავაზობს. იმ ტელეფონში შეღწევა, რომლის მფლობელსაც განახლება ჯერ არ დაუყენებია, შედარებით მარტივია;
  2. მრავალჯერ გაგონილი, თუმცა პრაქტიკაში ნაკლებად დანერგილი მეთოდი: ყველა ანგარიშზე განსხვავებული პაროლი დააყენეთ. ხშირად ჰაკერები სხვა კომპანიებში იჭრებიან და დიდი რაოდენობით ანგარიშზე იღებენ წვდომას, შემდეგ კი მათი პაროლების გამოყენებით სხვებში შეღწევასაც ცდილობენ;
  3. დააყენეთ ორფაქტორიანი ავთენტიკაცია, როცა კი შესაძლებელი იქნება, თუნდაც iCloud Drive-ის შემთხვევაში. ეს დაცვის დამატებითი ფენაა, რომელიც თქვენს მობილურსა და ანგარიშში შეღწევას გაცილებით გაართულებს;
  4. ყოველი შემთხვევისთვის, დააყენეთ ტელეფონზე ექვსციფრიანი "პასკოდი";
  5. უმჯობესია, შიშველი ფოტოსურათები და სხვა მგრძნობიარე შინაარსის ფაილები მხოლოდ ტელეფონში ან iPad-ში შეინახოთ და cloud-ში აღარ ჩაყაროთ. არ იფიქროთ, რომ cloud დაუცველია, თუმცა, ორის ნაცვლად, ფაილის ერთ ადგილას შენახვა მისი ხელში ჩაგდების რისკს შეამცირებს;
  6. ყურადღებით იყავით ფოტოების შემნახველ აპლიკაციებთან დაკავშირებით. App Store-იდან გადმოწერილი აპლიკაციები, როგორც წესი, უსაფრთხოა და Apple-ის შემოწმება გავლილი აქვს, თუმცა მაინც ყურადღებით უნდა იყოთ. დააკვირდით, ვინ შექმნა იგი და რაში იყენებს თქვენს ინფორმაციასა და მონაცემებს — მაშინ, როცა აპლიკაციას პირადულ ფოტოებზე წვდომის საშუალებას აძლევთ, მათი გამოყენება უკვე ნებისმიერ რამეში შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ეს მასშტაბური Facebook-ის, Google Photos-ისა და Instagram-ის (ისინი სპეციალისტებმა უკვე შეამოწმეს) შემთხვევაში არ გემუქრებათ, თუმცა საეჭვო წარმომავლობის შედარებით პატარა აპლიკაციებთან ყურადღებით უნდა იყოთ;
  7. დააკვირდით, აქვს თუ არა აპლიკაციას end-to-end დაშიფვრა. ამ დროს შიგთავსის გაშიფვრა და ნახვა მხოლოდ მის გამგზავნსა და მიმღებს შეუძლიათ. ამგვარი პრინციპით მუშაობს iMessage: მართალია, შეტყობინება Apple-ის სერვერებში გადის, თუმცა მათი გატეხის შემთხვევაშიც კი ჰაკერები შეტყობინებას მაინც ვერ წაიკითხავდნენ — მას თავად Apple-იც ვერ წაიკითხავდა. end-to-end დაშიფვრას იყენებს: Signal, Telegram, Wire, Wickr Me, Silent, Skred Messenger, Proton Mail, Threema, Silence და Viber.

ასევე იხილეთ: რა არის end-to-end დაშიფვრა და როგორ მუშაობს ის?

შიშველი ფოტოსურათების შესანახად Mac დაცვის სხვა ხერხსაც გთავაზობთ: შეგიძლიათ, ფაილები და საქაღალდეები დაშიფროთ და დამატებითი პაროლები დაუყენოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვინმე თქვენს სისტემაში შეაღწევს ანდა ლეპტოპზე წვდომას თქვენივე ნაცნობი მოიპოვებს, მგრძნობიარე შიგთავსის შემცველი საქაღალდე დამატებით იქნება დაცული.

მართალია, არსებობს ისეთი აპლიკაციებიც, რომლებიც ფაილების დაცვას iPhone-ისთვისაც გვთავაზობს, თუმცა უმჯობესია, უსაფრთხოების საკითხი კარგად გამოიკვლიოთ და კრიტიკული თვალით შეხედოთ ყველაფერს, რასაც თქვენს ფოტოებზე ექნება წვდომა.

რჩევები ანდროიდისა და პერსონალური კომპიუტერის მომხმარებლებისათვის

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რამდენიმე რჩევა ანდროიდისა და პერსონალური კომპიუტერის მომხმარებლებისთვისაც გვაქვს:

  1. დაადეთ კოდი თქვენს მოწყობილობას. ზედმეტად ცნობისმოყვარე ადამიანების მოსაშორებლად ოთხციფრიანი კოდები საკმარისი ნაკლებადაა, ამიტომაც უმჯობესია, ტელეფონის დასაცავად ძლიერი "პასკოდი" დააყენოთ ანდა ბიომეტრიული ავთენტიკაციით ისარგებლოთ;
  2. არ დატოვოთ ტელეფონი ან ტაბლეტი გახსნილი მაშინ, როცა არ იყენებთ;
  3. დააყენეთ სმარტფონზე Find My Device აპლიკაცია. იგი არა მხოლოდ დაკარგული ტელეფონის დაბრუნებაში დაგეხმარებათ, არამედ საშუალებასაც მოგცემთ, მისგან სასურველი ინფორმაცია დისტანციურად წაშალოთ მანამ, სანამ მოწყობილობას ინტერნეტთან წვდომა ექნება;
  4. მოწყობილობის გარდა, შეგიძლიათ, კოდები თავად ფოტოებზეც დააყენოთ. დაცვის დეპარტამენტი სპეციალურ კრიპტოგრაფიულ ალგორითმებს იყენებს, მონაცემთა კონფიდენციალურობის დასაცავად კი ერთ-ერთი მათგანი AES256 ალგორითმია. შესაბამისად, როცა სმარტფონზე ფოტოების დაშიფვრას გადაწყვეტთ, ისეთი აპლიკაციები მოძებნეთ, რომლებიც AES256 დაშიფვრას იყენებს. დარწმუნდით იმაშიც, თუ რამდენად სანდოა აპლიკაციის დეველოპერი;
  5. ამ შემთხვევაშიც თავი შეიკავეთ სექსუალური შინაარსის ფოტოების cloud-ში შენახვისგან — ამით სურათებზე კონტროლს დაკარგავთ;
  6. მოაშორეთ ფოტოებს EXIF (exchangeable image file format) მონაცემები — თქვენ მიერ გადაღებული ნებისმიერი ფოტო შეიცავს ინფორმაციას მისი გადაღების ადგილის (სწორედ ასე ცნობს სოციალური მედიის აპლიკაციები თქვენს ადგილმდებარეობას), დროისა და გამოყენებული კამერის შესახებ. შიშველი ფოტოების გახმაურების შემთხვევაში სახის დაფარვაც კი არ დაიცავს თქვენს კონფიდენციალურობას, თუკი სხვისთვის მისი გადაღების ადგილი იქნება ცნობილი. Windows-ზე EXIF მონაცემების მოშორება რთული სულაც არ არის: გახსენით ფაილი და მაუსის მარჯვენა მხარეს დააჭირეთ, დეტალებში გადაინაცვლეთ, ბოლოს კი "Remove Properties and personal Information" ვარიანტი ამოირჩიეთ.

იმისათვის, რომ ანდროიდზე ფოტოებს ადგილმდებარეობის მონაცემები წაუშალოთ, სხვა აპლიკაციის დაყენება ანდა უბრალოდ ყველა სურათისათვის "Store location data" ფუნქციის გამორთვა დაგჭირდებათ. გასათვალისწინებელია, რომ ეს მეთოდი მხოლოდ ფუნქციის გამორთვის შემდგომ გადაღებულ ფოტოებზე იმოქმედებს.

საბოლოო ჯამში, ყველაზე უკეთ მაინც ის უნდა დაიმახსოვროთ, რომ, სხვისთვის მათი გაგზავნის შემთხვევაში ფოტოებზე კონტროლს მაშინვე კარგავთ — ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ სურათის მიმღები რაიმე გზით მას არ შეინახავს და სხვებს არ გაუგზავნის. რა თქმა უნდა, "ნუდების" გადაღების შემთხვევაში რისკი ყოველთვის არსებობს, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში მას მაინც საგრძნობლად შეამცირებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.