1-ელი ოქტომბრიდან Facebook ხურავს live შოპინგს, აპლიკაციის ერთ-ერთ ფუნქციას, რომლითაც ადამიანებს ლაივში საკუთარი პროდუქტების გაყიდვა შეეძლოთ. კომპანიის განცხადებით, ეს Reel-ებზე გადასვლის ინიციატივის ნაწილია.

"მომხმარებელთა მიერ მოკლე ვიდეოების მზარდი გამოყენების კვალდაკვალ ჩვენც Facebook-სა და Instagram-ზე უფრო რილსებზე ვკონცენტრირდებით, Meta-ს მოკლე ვიდეო-პროდუქტებზე", — ამბობენ Facebook-ში. ლაივ შოპინგი Facebook-დან კი ქრება, თუმცა Instagram-ზე ის ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი იქნება.

პირველად ლაივ შოპინგი 2018 წელს, ტაილანდში ჩაუშვეს. ის, განსაკუთრებით, ინფლუენსერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარ ლაივებში სხვადასხვა პროდუქციას გაუკეთონ რეკლამირება და გაყიდონ. 2020 წელს კომპანიამ ეს ფუნქცია სხვა ქვეყნებშიც ჩაუშვა. მაშინ, როდესაც ლაივ შოპინგი დღემდე პოპულარულია ჩინეთში, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მას დიდად არ იყენებენ. TikTok-მაც კი გასულ თვეში ამერიკიდან და ევროპიდან საკუთარი ლაივ შოპინგის ფუნქციები ამოიღო.

ლაივ შოპინგის ამოღება Facebook-ის Reel-ებისადმი ერთგულების დემონსტრაციაა. კომპანიამ ეს სიახლე შარშან შემოიღო და ახლა იმასაც კი განიხილავს, რომ საკუთარი ალგორითმები TikTok-ისას მიამსგავსოს და გააკეთოს ის, რაც მისმა მშობელმა კომპანიამ, Meta-მ გააკეთა უკვე Instagram-ში. ეს უკანასკნელიც ბოლო პერიოდში ძირითადად Reel-ებზე კონცენტრირდება.

Reel-ებზე აქცენტმა და ვიდეოცენტრულმა მიდგომამ ინსტაგრამის დიდი ხნის მომხმარებლებში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ისინი ამ პლატფორმას იცნობდნენ, როგორც მეგობრებისთვის ფოტოების გაზიარების საშუალებას.

იხილეთ მეტი: სოციალური ქსელი Facebook საკუთარ ეპოქას ასრულებს — რას ველოდებით