ლონდონის ზოოპარკმა გადაწყვიტა, ველური ბუნების განადგურების გლობალურ პრობლემას გამოხმაურებოდა და ამისთვის საგანგებო "პერფორმანსიც" მოამზადა. ზოოპარკში მისულ დამთვალიერებლებს ნიანგის ვოლიერში ცხოველის ნაცვლად მისი ტყავისგან დამზადებული ჩანთა დახვდათ. ამის ამსახველი ფოტომასალა ინტერნეტსივრცეში გავრცელდა და მალევე დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია.

ვოლიერის წინ ზოოპარკმა წარწერაც მოათავსა: "სიამური ნიანგი — ამ ჩანთას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ინდონეზიის მდორე მდინარეებსა და დინებებში მცურავს შეხვდებოდით.

"ბოლო 75 წლის განმავლობაში სიამური ნიანგების 80 პროცენტზე მეტი გაქრა. ბევრი მათგანი, მათ შორის ეს, მისი ტყავის გამო უკანონო ნადირობას ემსხვერპლა".

სიამური ნიანგი, რომლის ჰაბიტატი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, გადაშენების პირას მყოფ სახეობად მიიჩნევა. იგი ველურ ბუნებაში, ფაქტობრივად, აღარ გვხვდება. ჰაბიტატის დაკარგვისა და ნადირობის გამო, ბუნებრივ პირობებში ცხოველის პოპულაციის 99 პროცენტი გაქრა. ჰაბიტატის დაკარგვაში მოიაზრება ადგილობრივი ადამიანების მიერ ნიანგების საცხოვრებლის გამუდმებული მიტაცება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის. მოგვიანებით, ამას დაერთო სამოსისა და აქსესუარების ინდუსტრიაში ცხოველის ტყავის მასობრივი გამოყენება.

როგორც ცნობილი გახდა, ლონდონის ზოოპარკში "გამოფენილი" ჩანთა ბრიტანეთის ერთ-ერთი აეროპორტიდან ამოიღეს.

"ეს გამოფენა დამთვალიერებლებისთვის იმის საჩვენებლად გავაკეთეთ, თუ რა გამანადგურებელი გავლენა აქვს ველურ ბუნებაში უკანონო ნადირობას სახეობების პოპულაციებზე მთელ მსოფლიოში", — ამბობს ზოოპარკში რეპტილიებისა და ამფიბიების მომვლელი, ბენ ტეპლი.

"ჩვენი ზოოპარკი აქტიურად თანამშრომლობს მთავრობებთან და ადგილობრივ თემებთან, რათა დავიცვათ ველური ბუნება, მხარი დავუჭიროთ შესაბამისი კანონების მიღებას და შევამციროთ მოთხოვნა გადაშენების პირას მყოფ სახეობებზე", — ამატებს ბენი.