ახალი ზელანდია, როგორც ჩანს, ამ მომენტში მეტეორიტეებით იბომბება. მას შემდეგ, რაც უზარმაზარი მეტეორი 7 ივლისს ველინგტონთან ახლოს, ზღვის ზედაპირზე აფეთქებით წარმოქმნა ბგერითი დარტყმა (ზებგერითი სიჩქარით ფრენისას დარტყმითი ტალღისგან წარმოქმნილი ხმაური), რომელიც სამხრეთის კუნძულზეც ისმოდა, ორი კვირის შემდეგ კანტერბურთან ახლოს მცირე სფერული ელვა შენიშნეს.

Fireballs Aotearoa-მ — ასტრონომებისა და მოყვარული მეცნიერების კოლაბორაცია, რომელიც ახლად ჩამოვარდნილი მეტეორიტების აღდგენას ისახავს მიზნად — ამ მოვლენებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა მიიღო. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა ეხება კაშკაშა მწვანე შუქს — ადამიაინებს აინტერესებთ, ეს იგივე შუქია, რაც ჩრდილოეთ ციალზეა თუ არა?

მწვანე სფერულ ელვას ახალ ზელანდიაში მუდმივად აფიქსირებენ. კაშკაშა მეტეორები ხშირად მიანიშნებენ ასტეროიდის ნაწილის ჩამოვარდნაზე, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში შეღწევისას გაიხლიჩა და რომლის ზომაც დიამეტრში შეიძლება რამდენიმე სანტიმეტრიდან ერთ მეტრამდე იყოს.

ამ ასტეროიდთაგან ზოგი ნიკელსა და რკინას შეიცავს და ატმოსფეროს 60 კმ/სთ-ით ეჯახება. ამ დროს ძალიან დიდი სიჩქარით სითბოს კოლოსალური რაოდენობა გამოიყოფა და აორთქლებული რკინა და ნიკელი მწვანედ ანათებენ.

მაგრამ ეს იგივე მწვანე ფერია, რაც ავრორაზეა (ჩრდილოეთი ციალი)? ბოლო ჩამოვარდნილი მეტეორის მიხედვით, პასუხი არის არა, თუმცა საქმე ასე მარტივადაც არაა.

ავრორა ბორეალისი (ჩრდილოეთის ციალი)

ფოტო: Bored Panda

მეტეორის კვალის ფერი

ავრორას მწვანე ციალი განპირობებულია ატმოსფეროს ზედა შრეებში არსებული ჟანგბადის იონებით, რომლებიც იქმნება ატმოსფეროს ჟანგბადის მოლეკულებისა და მზისგან გამოყოფილი ნაწილების შეჯახებით.

ჟანგბადის იონები უერთდებიან ელექტრონებს, რათა ჟანგბადის ატომები წარმოქმნან, მაგრამ ელექტრონები აღგზნებულ მდგომარეობაში მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში არიან. ენერგიის ამ ტრანზიციის პერიოდში, რომელიც "აკრძალულის" სახელითაა ცნობილი, რადგან არ ემორჩილება ზოგად კვანტურ წესებს, ისინი 557 ნანომეტრის ტალღის სიგრძის მწვანე შუქს ასხივებენ.

მეტეორს ამ გზითაც შეუძლია კაშკაში, ოღოდ თუ ის ძალიან სწრაფად მოძრაობს. სწრაფი მეტეორები ზუსტადაც ავრორას წარმოქმნის ადგილას, ატმოსფეროს სქელ ფენებში, 100კმ სიმაღლზე ცხელდებიან.

თუ თქვენ გსურთ, ნახოთ მეტეორის ავრორასეული კაშკაში, მაშინ ნახეთ Perseid-ის მეტეორების წვიმა, რომელიც ახლა დაიწყო და თავის პიკს სამხრეთ ნახევარსფეროში 13 აგვისტოს მიაღწევს. ეს მეტეორები 60 კმ/წამში სიჩქარით მოძრაობენ და ძალიან ლამაზ, კაშკაშა და მკვეთრად მწვანე კუდს წარმოქნიან.

იბომბება თუ არა ახალი ზელანდია მეტეორებით?

კი და არა. დიდი კაშკაშა მწვანე მეტეორების გამოჩენა ცაში და მცირე მეტეორიტების ჩამოვარდა მიწაზე არაა იშვიათობა ახალ ზელანდიაში, მაგრამ იშვიათობაა ახლად ჩამოვარდნილი ციური სხეულების აღდგენა. Fireballs Aotearoa ზუსტად ამაზე მუშაობს

საშუალოდ წელიწადში ოთხი მეტეორიტი ვარდება ახალ ზელანდიაში. Fireballs Aotearoa მოუწოდებს მოყვარულ მეცნიერებს, რომ სახლებთან საკუთარი კამერები დააყენონ, რათა ჩამოვარდნა დააფიქსირონ და გადაიღონ.

ფოტო: International Meteor Organization

ვარსკვლავების ფონთან და კამერების მიერ დაფიქსირებულ სამკუთხა გამოსახულებებთან მეტეორის შედარებით, შესაძლებელია ათეულობით მეტრ დაშორებაზე ატმოსფეროში მისი პოზიციის დაფიქსირება.

ეს არა მარტო მეტეორის სახეობის დადგენაში გვეხმარება, ასევე გვაწვდის ინორმაციას, როგორი ორბიტა ჰქონდა მეტეორს ატმოსფეროსთან შეჯახებამდე, რაც, თავის მხრივ, გვეუბნება, მზის სისტემის რომელი ნაწილიდან წამოვიდა ციური სხეული. ეს კოსმოსში ხომალდების გაშვების გარეშე ციური სხეულების შესწავლის ერთ-ერთი ეფექტური გზაა.

ამ მიზნით Fireballs Aotearoa ოტაგოსა და სამხრეთის კუნძულის სხვა ადგილებში ათობით კამერას ამონტაჟებს, რათა შემდეგ ჯერზე, როდესაც მეტეორი აფეთქდება ახალი ზელანდიის თავზე, და მიწაზე მეტეორიტები ჩამოვარდება, მოასწრონ მათი აღდგენა და შესწავლა.