მსახიობ ნილ პატრიკ ჰარისის ცნობით, ახალ Doctor Who-ში მთავარი პერსონაჟი პირველად იქნება გეი.

ჯერ კიდევ მაისში დადასტურდა, რომ Sex Education-ის ვარსკვლავი გატვა ცნობილი საი-ფაი სერიალის სამსახიობო გუნდს შეურთდებოდა და დროის მბრძანებელს განასახიერებდა. იგი შოუს 60 წლის იუბილეს აღსანიშნავ სპეცეპიზოდებში მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 2023 წელს გამოვა.

მართალია, ჯერჯერობით ბევრი არაფერი ვიცით გატვას შესასრულებელ როლზე, თუმცა, ნილ პატრიკ ჰარისმა, რომელიც ამავე შოუში ბოროტმოქმედს განასახიერებს, საინტერესო დეტალები გაგვიმხილა.

"მასთან შეხვედრისა და ცოტათი გასაუბრების საშუალებაც მქონდა, არაჩვეულებრივი ადამიანია", — ჰყვება ჰარისი გატვაზე, — "იგი პირველ გეი დოქტორს განასახიერებს, უფრო მაგარ ტიპსა და მომხიბვლელს".

29 წლის შუტი გატვას, რომელიც რუანდაში დაიბადა, პოპულარობა Sex Education-ში მონაწილეობამ მოუტანა. ამავე სერიალში შესრულებული როლისთვის მან 2020 წელს BAFTA-ის პრიზიც მიიღო საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში.

მსახიობმა აღნიშნა, რომ Doctor Who-ში მთავარი როლის მიღება მისთვის დიდი პატივია.

"რა თქმა უნდა, ცოტათი ვღელავ კიდეც", — ამბობს გატვა, — "შევეცდები, ჩემი წინამორბედების მსგავსად, ამ როლისთვის მაქსიმუმი გავაკეთო".