დღეს, 3 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო — მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია. იგივე მოხდა 22 ივნისსაც.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს.

  • როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ამას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უწოდებენ — ამ დროს მსესხებლებს აღნიშნულ განაკვეთზე მიბმული კრედიტები უძვირდებათ.
  • გაძვირებული სესხების პირობებში ადამიანები ამცირებენ ხარჯვას, რის გამოც მცირდება საერთო მოთხოვნა — ეს კი ფასების ზრდას უშლის ხელს.

დეტალები: საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციია. ივლისში ფასების დონე წიურად 11,5%-ით გაიზარდა. სებ-ის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.

  • მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მაღალ ნიშნულზე, 11%-ზე დატოვება ეროვნული ბანკის მხრიდან სწორედ მაღალ ინფლაციაზე პასუხია.

გარდა ამისა, დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 15 აგვისტოდან სამომხმარებლო სესხის აღების მაქსიმალური ვადა 3 წელი იქნება — აქამდე 4 იყო.

  • გვენეტაძის თქმით, რეგულაცია შეეხება ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხს და ცვლილება ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება.

  • მისივე განმარტებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია.

მონეტარული პოლიტიკა: ეროვნული ბანკის განმარტებით, სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად, კომიტეტი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენებას.

  • მათივე თქმით, მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების განხორციელებულ და დაანონსებულ ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება.
  • მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 9 %-ზე პროგნოზირებს.
  • ბანკში აცხადებენ, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.
  • ხოლო თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, ეროვნულმა ბანკმა ეს პოლიტიკა უფრო გაამკაცროს ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოს.

ფართო სურათში: ეროვნული ბანკში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება.

  • ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა შედარებით შენელდა, თუმცა კვლავ მაღალია — მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება, გაურკვევლობა მაინც მაღალ დონეზეა და მომავალი ტენდენციები დამოკიდებულია მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოვლენებზე.
  • მათივე თქმით, ამ ფაქტორების გავლენით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება, თუმცა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო ნელი ტემპით და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მის მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება.