ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან — მათ ფერადი შეფუთვები, უცნობი ნივთებისა და ნივთიერებებისთვის ხელის მოკიდება, ზოგჯერ კი მათი გასინჯვაც მოსწონთ. სწორედ ამიტომ სახლის დასუფთავებისას და საწმენდი საშუალებების გამოყენებისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პატარების კეთილდღეობა სიფრთხილეს მოითხოვს.

მოწამვლა, დამწვრობა, ზოგჯერ კი ფატალური შედეგი — იმისათვის, რომ ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ, რამდენიმე მარტივი სიფრთხილის წესი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად უნდა ვაქციოთ.

1. ყურადღება მიაქციე შეფუთვასა და ეტიკეტებს

არ მოახიო შეფუთვას ეტიკეტები. აუცილებლად შეინახე შეფუთვა და პროდუქტის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხე გამოყენების ინსტრუქცია და უსაფრთხოების წესები. ამ გზით გეცოდინება, რამდენად საშიშია კონკრეტული პროდუქტი ბავშვისთვის და როგორ უნდა დაიცვა ის ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისგან.

2. არ შეინახო საწმენდი ნივთიერება ჭიქებში ან საჭმლის კონტეინერებში

აუცილებელია, კონკრეტულ საწმენდ ნივთიერებას გარეგნული დათვალიერებისას ეტყობოდეს, რომ საწმენდი ნივთიერებაა და არა რაიმე სასმელი ან საჭმელი, რათა ბავშვმა შემთხვევით მისი გასინჯვა არ მოინდომოს. არ შეინახო საწმენდი ნივთიერებები ჭიქებში, საჭმლის შეფუთვასა თუ კონტეინერებში — ისეთ ადგილას, სადაც, წესით, საჭმელი გვეგულება.

3. საწმენდი საშუალებები იქ შეინახე, სადაც ბავშვი ვერ მიაგნებს

თუ სახლში აქტიური და ცნობისმოყვარე ბავშვი გყავს, უმჯობესია, საწმენდი საშუალებები კარგად დაცულ ადგილას შეინახო — მაღალ თაროზე, ჩაკეტილ კარადაში და ა.შ.

4. სახლის წმენდისას არასდროს დატოვო საწმენდი საშუალება უყურადღებოდ

არასდროს იცი, როდის სძლევს ბავშვს ცნობისმოყვარეობა და როდის გადაწყვეტს საშიში ექსპერიმენტების ჩატარებას, ამიტომ არასდროს მოაშორო თვალი საწმენდ საშუალებებს. თუ სხვა ოთახში გასვლას აპირებ, პროდუქტი დროებით დაცულ ადგილას მოათავსე.

5. დროებით გაარიდე ბავშვი იმ ადგილს, სადაც საწმენდი საშუალებების გამოყენებას აპირებ

თუ ამის შესაძლებლობა გაქვს, ბავშვი დროებით იმ ოთახს გაარიდე, რომელშიც საწმენდი საშუალებების გამოყენებას აპირებ, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან თავი დაიცვა.

6. გამოიმუშავე დისციპლინა

გამოიმუშავე გარკვეული ჩვევები, რომლებიც ბავშვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მაგალითად, საწმენდი საშუალებების გამოყენებისას ყოველთვის გადარეცხე კონკრეტული ადგილი წყლით; დაკეტე იმ ოთახის კარი, რომელშიც საწმენდი საშუალება გაქვს დასხმული; არ დატოვო საწმენდი საშუალებები ბავშვისთვის მარტივად მისაგნებ ადგილას და ა.შ.

7. უბედური შემთხვევისას სწრაფად იმოქმედე

შესაძლოა, ნებისმიერი უსაფრთხოების წესი დაიცვა, თუმცა ბავშვმა მაინც მიაგნოს საშიშ ნივთიერებას და რაიმე დაიზიანოს. საწმენდ საშუალებებს ხშირად აქვს ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცე ასეთ შემთხვევაში. ამასთანავე, აუცილებლად დაურეკე სასწრაფოს, ახლომდებარე საავადმყოფოს, ან/და ოჯახის ექიმს.

სტატიას წარმოგიდგენთ ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი და საწმენდი საშუალებები გერმანიიდან: fit-gmbh არის სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი კომპანია 55-წლიანი გამოცდილებით. პროდუქცია 100%-ით წარმოებულია გერმანიაში.
fit-gmbh-ის ეკო ხაზის პროდუქცია Grüne Kraft არის ყველასათვის ხელმისაწვდომი ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი და სარეცხი საშუალებები. Grüne Kraft-ის ხაზის პროდუქცია ფლობს საერთაშორისო ხარისხის და ეკოსერთიფიკატს - EU Ecolabel.