საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. ივლისის მდგომარეობით, ფასების საშუალო დონე წლიურად 11,5%-ით არის გაზრდილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და ტრანსპორტის გაძვირებამ მოახდინა.

  • იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხარჯების ძირითადი ნაწილი სურსათზე მოდის, ინფლაცია მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემის შემქმნელია.

დეტალები: საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის ჭრილში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში პროდუქცია 16,4%-ით არის გაძვირებული, ხოლო ტრანსპორტი 20,6%-ით. უფრო კონკრეტულად, წლიურად ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  • პური და პურპროდუქტები — გაძვირდა 29,3%-ით;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები — გაძვირდა 21,3%-ით;
  • ყავა, ჩაი და კაკაო — გაძვირდა 18,2%-ით;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული — გაძირდა 18,1%-ით.

გარდა ამისა, წლიურად, ყველაზე მეტად გაძვირებულია ზეთი და ცხიმი (17,5%-ით).

  • რძე, ყველი და კვერცხი (16,9%-ით);
  • თევზეული (14,9%-ით);
  • ხილი და ყურძენი (13,7%-ით);
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (12,7%-ით).

სტრიქონებს შორის: მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გამკაცრებულ რეჟიმში ტოვებს, რაც რეფინანსირების განაკვეთის მაღალ ნიშნულზე, 11%-ზე შენარჩუნებით გამოიხატება.

  • რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს.

  • როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ამას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უწოდებენ — ამ დროს მსესხებლებს აღნიშნულ განაკვეთზე მიბმული კრედიტები უძვირდებათ.

  • გაძვირებული სესხების პირობებში ადამიანები ამცირებენ ხარჯვას, რის გამოც მცირდება საერთო მოთხოვნა — ეს კი ფასების ზრდას უშლის ხელს.

ფართო სურათში: ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ უკრაინის მიმართ აგრესიის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა.

  • საქართველოში გაზრდილია რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან გაზრდილი ხანგრძლივვადიანი ვიზიტები, რამაც ადგილობრივ ბაზარზე ბინის ქირა მკვეთრად და მყისიერად გაზარდა — სებ-ის შეფასებით ინფლაციაზე გავლენა ამანაც მოახდინა.
  • "მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება".
  • ეროვნული ბანკის მიზანია, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს დაუახლოვოს.