Associated Press-ის უწყებით, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიამ შინაური კატები უცხოურ ინვაზიურ სახეობად მიიჩნია.

ინსტიტუტის განცხადებით, შინაური კატა, სამეცნიერო სახელწოდებით Felis catus, დაახლოებით 10 ათასი წლის წინ მოიშინაურეს უძველეს შუა აღმოსავლეთში. შესაბამისად, ევროპასა და პოლონეთში იგი უცხოურ სახეობად უნდა იყოს მიჩნეული. ამასთან ერთად, ინსტიტუტმა სახეობას ინვაზიურიც, შემოჭრილიც, უწოდა, ვინაიდან ითვლება, რომ ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებაზე მათ უარყოფითი გავლენა აქვთ.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ამგვარ დადგენილებას ყველა არ ეთანხმება, ზოგი კი იმასაც ამტკიცებს, რომ ამას შინაური კატების დაზარალება შეუძლია.

ვოიჩეხ სოლარცის, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგის, თქმით, მონაცემთა ბაზა, რომელშიც Felis catus ინვაზიურ სახეობად შეიტანეს, კიდევ 1786 სხვა სახეობას მოიცავს. სავარაუდოდ, ხალხის მხრიდან შინაური კატების ამ ჩამონათვალში მოქცევამ უარყოფითი რეაქცია გაუგებრობის შედეგად წარმოშვა (მაგალითად, იმის დაჯერებამ, რომ ეს კატების ევთანაზიას შეუწყობს ხელს).

როგორც ირკვევა, ინსტიტუტი ემხრობა აზრს, რომ კატებმა ჩიტების გამრავლების პერიოდში გარეთ ნაკლები დრო გაატარონ, რათა ადგილობრივ ველურ ბუნებაზე მათი უარყოფითი გავლენა შემსუბუქდეს.

სოლარცის ახსნით, შინაური კატები ჩიტებსა და ძუძუმწოვრებზე ნადირობით მათ რიცხვზე ახდენენ გავლენას, ამასთან ერთად კი სახეობა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს იმისათვის, რომ უცხოური ინვაზიური სახეობა ეწოდოს.

ერთ-ერთი ვეტერინარის, დოროტა სუმინსკას, აზრით, შესაძლოა, ჩიტების დახოცვასა და ბიომრავალფეროვნების კლებას სხვა ფაქტორებიც იწვევდეს, მათ შორის, გარემოს დაბინძურება და ურბანული განაშენიანება. მიუხედავად ამისა, სოლარცის თქმით, პოლონეთში კატები წლიურად დაახლოებით 140 მილიონ ჩიტს ხოცავენ.

გასათვალისწინებელია, რომ კატები ინვაზიურ, საზიანო სახეობებად პირველად არ მიუჩნევიათ — ჯერ კიდევ 2019 წელს ავსტრალიის მთავრობამ მილიონობით უსახლკარო კატის დახოცვა განიზრახა პოპულაციის შემცირების მიზნით. ცნობილია ისიც, რომ ისინი ავსტრალიაში დღეში ერთ მილიონზე მეტ ჩიტსა და დაახლოებით 1,7 მილიონ რეპტილიას ხოცავენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.