ტროლგვერდები, რომლებიც სხვადასხვა დროს მმართველი გუნდის მესიჯბოქსებს აქტიურად ავრცელებენ და თავს ესხმიან მათ, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ახლა აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს იმ რიტორიკის გაგრძელებაა, რომელიც ქართულმა ოცნებამ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა დაიწყეს, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა პარტნიორობისთვის შეუსაბამო საქციელად შეაფასა.

  • ეს ფეისბუქგვერდები პარტიიდან წასულების მესიჯბოქებს ასპონსორებენ და ელჩის მიმართ აგრესიას აღვივებენ.
  • ამ ფორმით ისინი არყევენ ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ და ავრცელებენ ღიად ანტიდასავლურ და პრორუსულ მესიჯებს.

დეტალები: სოციალურ ქსელში სახელისუფლებო გვერდების ქცევა მითების დეტექტორმა შეისწავლა.

  • ორგანიაციის განცხადებით, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანგარიშების (მეხუთე კოლონა/5 kolona, ტერენტი გლდანელი, სექტა) ქარდი, რომლის მიზანი მართლმსაჯულებაში ელჩის ჩარევის დემონსტრირება იყო, პრორუსული ალტ-ინფო/კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებულმა ანგარიშებმაც (სარკრაზმელები, Goga Tukhareli) გააზიარეს.
  • კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს ის, რომ ორმა გვერდმა იდენტური ვიზუალის პოსტები, იდენტური შინაარსის კომენტარით ("თვით სამართალი"… "თვითონ არის სამართალი!") ერთი და იმავე დროს 19 საათსა და 09 წუთზე გაავრცელეს.
  • მცირედი ინტერვალით (19:19) დეგნანზე ტერენტი გლდანელის პოსტი კიდევ ერთმა ხელისუფლებასთან დაკავშირებულა გვერდმა სექტამ გადააზიარა.

ფოტო: მითების დეტექტორი

დასპონსორებული პოსტები სასამართლოს დამოუკიდებლობაზე: ორგანიზაციის განცხადებით, მეხუთე კოლონას ელჩის წინააღმდეგ თემიდას გამოსახულებით პოსტი დასპონსორებული აქვს, ისევე როგორც მეორე პოსტი, რომელიც გვერდზე 15 ივლისს გამოაქვეყნდა და დეგნანს "ორმაგი სტანდარტებით" მოქმედებაში ადანაშაულებს.

  • მათივე თქმით, სასამართლოში ჩარევის თემაზე დასპონსორებული იყო სახელისუფლებო გვერდზე GeoPress-ზე გამოქვეყნებული სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაც, რომელშიც ისინი ელჩს მოსამართლის საქმეში ჩარევასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავდნენ.

ფოტო: მითების დეტექტორი

დასპონსორებული პოსტები ომში ჩათრევის ბრალდებით: ამ თემაზე პოსტები დაარეკლამეს GeoPress-მა და ასევე ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა გვერდმა სიახლეების ბლოგი • Blog News, რომლებიც საინფორმაციო სააგენტოდ პოზიციონირებენ.

  • კერძოდ, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი, რომელშიც ის ელჩს მიმართავდა და ომში ჩათრევის ნარატივს ავითარებდა.
  • შემდეგ წასულების მორიგი ღია წერილი, სადაც ისინი ელჩს კითხვებზე პასუხებს სთხოვდნენ.
  • ასევე, დასპონსორებულია პოსტი "დიდ ძალებზე", რომლებსაც საქართველოს დესტაბილიზაცია სურდათ.
  • ერთ-ერთ დასპონსორებული პოსტის ილუსტრაცია განასახიერებდა წასულების წერილის შინაარს — "კანდიდატის თემა იყო ერთგვარი "სათაგური", რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს".
  • აღსანიშნავია, რომ იდენტური ვიზუალით და სათაურით "ომი თუ მშვიდობა – საქართველო დილემის წინაშე" წერილი რამდენიმე სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ონლაინ მედია საშუალებაშიც გამოქვეყნდა.
  • ამ თემაზე დასპონსორებული იყო რობერტ სტურუას წერილიც, რომელშიც ის დეგნანს მიმართავდა და მეორე ფრონტის გახსნის სურვილში სდებდა ბრალს.

ფოტო: მითების დეტექტო

დასპონსორებული პოსტები ივანიშვილთან შეხვედრაზე: დეგნანისა და ქართული ოცნების დამფუძნებლის შეხვედრის შესახებ ვიდეო სათაურით "რას ამბობდა კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ" გვერდმა ქართული ოცნება ჩემი არჩევანია გაავრცელა და დაასპონსორა.

  • ელჩის "გულმავიწყობაზე" აკეთებდა აქცენტს მეორე სახელისუფლებო ანგარიში ტერენტი გლდანელი.
  • ფეისბუკ გვერდი სექტა კი მანიპულაციურად ამტკიცებდა, თითქოს ივანიშვილმა დეგნანთან შეხვედრის ფაქტის დადასატურებით, ელჩის მიერ ომში ჩართვის შესაძლებლობის მოთხოვნა დადასტურდა.
  • ამ თემაზე პოსტი დაასპონსორა ორგანიზაცია აი იამაც, რომელმაც თავისივე დამფუძნებლის, ვატო შაქარაშვილის შეთქმულების თეორია გამოაქვეყნა.

ფოტო: მითების დეტექ

რა ვიცით ამ გვერდებზე: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდის პოზიციების გასაძლიერებლად სოციალურ ქსელში დისკრედიტაციის კამპანია იწყება.

  • On.ge-მ არაერთხელ უამბო მკითხველს ისეთ გვერდებზე, როგორიცაა სექტა, ტერენტი გლდანლი და მეხუთე კოლონა და იმაზეც, თუ როგორ ესხმოდნენ ისინი თავს სახელისუფლებო მესიჯბოქსებით ვოლოდიმირ ზელენსკის, ნინო ლომჯარიას, სამოქალაქო აქტივისტებსა თუ სხვებს.
  • როგორც მითების დეტექტორი წერს, მეხუთე კოლონაზე 11 მარტიდან 21 ივლისის ჩათვლით სულ 32 პოსტი არის გამოქვეყნებული — ყველა დასპონსორებულია, თითოეულში კი 100 დოლარზე ნაკლები თანხა არის გადახდილი.
  • რაც შეეხება Geopress-ს და სიახლეების ბლოგს ორივე 2021 წელს ზაფხულში შეიქმნა — MDF-ის ინფორმაციით, ისინი ჩართული იყვნენ როგორც ევროპარლამენტარების, ასევე უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიაში.

არქივიდან: ჯერ კიდევ 2019 წელს ფეისბუქმა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული არაავთენტური ქსელი წაშალა.

  • როგორც მაშინ ატლანტიკური საბჭო ამბობდა, ეს გვერდები ავრცელებდნენ ისეთ კონტენტს, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს, თავს ესხმოდა ოპოზიციურ პარტიებსა და დასავლელი პარტნიორების, კონკრეტულად კი აშშ-ის დისკრედიტაციას ეწეოდა.