უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრე კუბრაკოვის განცხადებით, გემის მოძრაობის დერეფნის უსაფრთხოება დაადასტურეს გაერომ და თურქეთმა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.

  • რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, პორტების დაბლოკვის გამო უკრაინიდან ექსპორტი გაჩერებული იყო;
  • ეს სურსათის გლობალური კრიზისის საფრთხეს ქმნის, რაც უკვე ფასების უპრეცედენტო ზრდაშიც აისახება.

დეტალები: კუბრაკოვის თქმით, ბორტზე 26 ათასი ტონა უკრაინული სიმინდია.

  • "დღეს უკრაინა პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს მსოფლიოში შიმშილის თავიდან ასაცილებლად. პორტების განბლოკვა ეკონომიკას მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის შემოსავალს და სოფლის მეურნეობის სექტორს მომავალი წლის დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს".
  • მინისტრი მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს, ასვეე, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს პორტების განბლოკვის პროცესში მონაწილეობისთვის.
  • მისი თქმით, მოლაპარაკებებისა და შეთანხმების პროცესს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკონტროლებდა.
  • ის ამბობს, რომ ოდესის პორტში კიდევ 16 გემი ელოდება თავის რიგს. ეს ის გემებია, რომლებიც ომის დაყწების დღიდან დაბლოკილია.

მანამდე, რუსმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა დოლმაბაჰჩეს სასახლეში ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის გახსნაზე, თუმცა ისე, რომ ერთ მაგიდასთან ყოფნა აირიდეს.

  • ამ შეთანხმების მისაღწევად ოთხმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და რუსეთ-უკრაინის გარდა, თურქეთი და გაერო იყო ჩართული.
  • დოუმენტს ჯერ ხელი მოაწერეს თურქეთის, გაეროს და უკრაინის წარმომადგენლებმა, კერძოდ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა;
  • შემდეგ თურქეთის, გაეროს და რუსეთის წარმომადგენელმა — თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

არქივიდან: მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე რუსეთი თავიდანე ულტიმატუმით საუბრობდა.

  • მაგალითად, პუტინმა განაცხადა, რომ საკითხი იმგვარად იყო შეფუთული, რომ პარალელურად მოიხსნებოდა ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით გადატანაზეა დაწესებული.
  • თუმცა, უკრაინსკა პრავდა წერდა, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას და, ასევე, არც ერთი რუსული ხომალდი არ უნდა გაყვეს უკრაინულ გემებს.