შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის და სხვა ტიპის სამაშველო ტექნიკის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს, რითიც მედიასა და საზოგადოებაში გავრცელებულ კრიტიკულ მოსაზრებებს პასუხობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 ივლისს გუდაურში პარაპლანისტების დასახმარებლად მისული ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა — უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ვერტმფრენში მყოფი 8 ადამიანი, გარდაიცვალა პარაპლანის მგზავრიც.

  • ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გაჩნდა კითხვები — რამდენად შეესაბამება სამაშველო ვერტმფრენების ხარისხი თანამედროვე მოთხოვნებს;
  • იყო თუ არა ვერტმფრენი სათანადოდ გამართული, რადგან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჩამოვარდნამდე მას კუდი უზიანდება;
  • ასევე, რატომ არ იყენებს სახელმწიფო სუპერ პუმას ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებს.

დეტალები: დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბორტს მართავდა, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საფრენოსნო მომზადების დარგში, პოლკოვნიკი ზაზა ლორია.

  • ლორია 1992 წლიდან მფრინავი იყო და წლების განმავლობაში მეთაურობდა შვეულმფრენების ესკადრილიას.
  • "პოლკოვნიკი ზაზა ლორიას ხელმძღვანელობით, წლების განმავლობაში, განხორციელებულა ბევრი, რთული სამაშველო ოპერაცია და მას უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი".

რას ამბობს უწყება ვერტმფრენზე: მათი განცხადებით, ყოველი აფრენის დროს დეტალურად ხდება შემოწმება და დაუშვებელია, რომ ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენი პილოტებმა დაძრან და მართონ.

  • სამინისტრო განმარტავს, რომ 2019–2022 წლებში სასაზღვრო პოლიციის ავია პარკი სრულად განახლდა.
  • მათივე განმარტებით, ეს გულისხმობს, რომ ყველა ვერტმფრენი რეგლამენტირებული, გამართული და განახლებულია.

რას ამბობენ მი-8-ზე: უწყების თქმით, 2022 წლის მარტში სასაზღვრო პოლიციამ საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს შესაბამისად, შეიძინა შვეულმფრენების 2 კუდა ხრახნის კომპლექტი 2 მი-8 მტვ-1 ტიპის ვერტმფრენისთვის.

  • როგორც შსს ამბობს, ორივე ვერტმფრენზე ძველი კუდა-ხრახნები ჩანაცვლდა ახლებით.
  • "ვერტმფრენი მი-8 გამოიყენება ძებნა-გადარჩენის და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენს აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა."

რას ამბობენ სუპერ პუმაზე: დეპარტამენტის განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებული 2 სუპერ პუმა 2011 წელს შესყიდული იყო სამაშველო ფუნქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე.

  • ამიტომ, მათი განმარტებით, სუპერ პუმის გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში (ხალხის ამოსაყვანად და ვერც ხანძრების ჩასაქრობად).
  • მათივე მტკიცებით, ერთ-ერთი სუპერ პუმა სპეციალური შეკვეთით, "მაღალი კლასის სალონითა და დიზაინითაა" დამზადებული და მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადაადგილების მიზნით გამოიყენებოდა.
  • ასევე, უწყების მტკიცებით, გაჟღერებული ფაქტი, რომ სუპერ პუმა კახეთის რეგიონშია ჩარჩენილი, არ შეესაბამება სინამდვილეს, ის ამოყვანილია ლაგოდეხის დასაცავი მონაკვეთიდან და დასაწყობებულია ავიაციის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო ბაზაზე.