ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე განცხადებები მისმა ადვოკატებმა გააკეთეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს და აღარ აინტერესებს.

  • ადვოკატი ვალერი გელბახიანი კი ფორმულასთან ამბობს, რომ ახლა მთავარი ამოცანა სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა.
  • ექსპრეზიდენტი ამ დროისთვის კლინიკა ვივამედში იმყოფება. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაბეჯითებით ამბობს, რომ წავიდა ქართული პოლიტიკიდან და ასევე, მისი პარტიიდან. როგორც თავად ამბობს, ის სააკაშვილის ადვოკატი 8 ივლისიდანაა.

  • "ქართულ პოლიტიკასთან არ უნდა, რომ ჰქონდეს რაიმე საქმე. [...] როგორც თვითონ ამბობს, არის რამდენიმე ფაქტორი — ამ ფაქტორებს დეტალურად არ ასახელებს".
  • ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილი აპირებს საჯარო განცხადების გავრცელებას.

რას ამბობენ ენმ-ში: პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 30 ივლისს TV პირველის ეთერში თქვა, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადებები დაცვის სტრატეგიაა.

  • "ვინმეს უნდა თუ არ უნდა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება. სააკაშვილი რომ ტყვეობაშია და კლინიკა ვივამედში იმყოფება, ის ახლა პოლიტიკაში არ არის?", — ამბობს მელია.
  • პარტიის ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ კი Facebook-ზე დაწერა, რომ ადვოკატის საქმე კვალიფიციური იურიდიული დახმარების გაწევაა და არა პოლიტკომენტატორობა.

რას ამბობენ ქართულ ოცნებაში: დეპუტატ გია ვოლსკის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ მის მიღმა, თუკი მისი გუნდისა და "დაღმაშენებლის სტრატეგიად" კვლავ რევოლუცია და დესტაბილიზაცია იქნება.

  • 30 ივლისს იმედის ეთერში დეპუტატი მიხეილ სარჯველაძემ კი ისაუბრა, რომ ყოფილი პრეზიდენტი სასჯელისთვის თავის არიდებას ცდილობს.

აქამდე 27 ივლისს სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა თქვა, რომ მამამისის როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის.

  • "როცა შევდივარ მამაჩემთან, ის სულ უყურებს მხოლოდ უკრაინის ტელევიზიას".