დღეს, 16 მაისს, რუსთავის თეატრში SOU 2017-ის მეორე კონცერტი შედგება. Tete Noise-სა და სიმებიანი კვარტეტის შემდეგ, ფესტივალზე მოსული ადამიანების წინაშე Alva Noto წარდგება. ამჯერად, კონცერტი თბილისის ცირკის შემდეგ, რუსთავის თეატრში გაიმართება.

Alva Noto მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსია, რომელსაც უამრავ ცნობილ პროექტზე უმუშავია. მათ შორის არის ოსკარზე ნომინირებული ფილმი The Revenant, რომლის საუნდტრეკების შექმნაში Alva Noto-ს დიდი როლი აქვს შესრულებული. ლეონარდო დი კაპრიომ, სწორედ ამ ფილმში შესრულებული როლისთვის მიიღო პირველი ოსკარი.

Alva Noto ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებული შოუს დადგმას აპირებს. არტისტი რუსთავის თეატრში მისულ ადამიანებს თავის აუდიო-ვიზუალურ პროექტს UNIQAV-ს წარმოუდგენს.

ამ მუსიკოსის მიმართ საქართველოში ძალიან დიდი ინტერესი არსებობს, რასაც ფესტივალის ორგანიზატორთა ოფიციალური განცხადებაც ადასტურებს. Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსთავის თეატრში Alva Noto-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთები სრულად გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, SOU Festival 2017, 15 მაისიდან - 5 ივლისამდე გაიმართება. ფესტივალი გუშინ, Tete Noise-მ და სიმებიანმა კვარტეტმა, The Stringers-მა გახსნა. SOU ფესტივალი მეორე წელია ტარდება და შარშანდელთან შედარებით პროექტმა დიდი პროგრესი განიცადა. გასულ წელს ფესტივალი ერთკვირიანი იყო, წელს კი ის ორ თვიანი იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში მაყურებლების წინაშე 26 წარმატებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსი წარდგება.