ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე გიორგი კალანდარიშვილს, რომელიც კვლავ იღებს კონკურსში მონაწილეობას, სოსო გოგაშვილის გავრცელებული ფაილების შესახებ ჰკითხეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გოგაშვილმა დაკავებამდე დაწერა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა და გაასაჯაროვებდა. დაკავების შემდეგ კი ავრცელებს განცხადებებს, რომლებიც მმართველი გუნდის სავარაუდო დანაშაულებზე მიუთითებს.

  • სავარაუდოდ, სუს-ის ახალი ფაილებიდან ჩანს, რომ მასწავლებლებსა და საჯარო მოხელეებზე პოლიტიკური დოსიეები აქვთ შედგენილი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებსა და ე.წ. ქუჩის ბიჭებს კი ხმების მობილიზებისთვის იყენებენ.
  • გავრცელებული ფაილების ავთენტურობა დადასტურებული არ არის, თუმცა გოგაშვილი სუს-ის ყოფილი უფროსია და არაერთხელ უთქვამს, რომ ჰყავს წყაროები და აქვს წვდომა კონკრეტულ ინფორმაციაზე.

დეტალები: კალანდარიშვილის განცხადებით, გოგაშვილის გავრცელებულ ფაილებს ვერცერთ შემთხვევაში ვერანაირი შემხებლობა ვერ ექნება ადმინისტრაციის საქმიანობასა და არჩევნების შედეგებთან.

  • "იმ შემთხვევაში, თუ სადმე დადასტურდება რამე დაპირების, მოსყიდვის შემთხვევა, ეს არის შესაბამის კანონმდებლობას დაქვემდარებული რეაგირების ნაწილი."
  • "საარჩევნო კანონმდებლობით წინაასარჩევნო პერიოდში ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტის რეაგისტრაციის გაუქმების საფუძველი იარსებებს".
  • "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახურის კომპეტენცია შესაბამის დაჯარიმებას გამოიწვევს".
  • "სისხლის სამართლის კოდექსიდან გამომდინარე, [გამოიწვევს] შესაბამის სანქციებს, როელიც თავისუფლების აღკვეთასთანაა დაკავშირებული."

კალანდარიშვილის თქმით, კომპლექსური საკითხია ამომრჩეველმა დაპირებების შესამასად მისცა თუ არა ხმა არჩევნებზე.

  • მისი თქმით, ამას არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, ჰქონდეს რაიმე ტიპის გავლენა არჩევნების შედეგებზე, მის ლეგიტიმაციასა ან სანდოობაზე.
  • "თუ რაიმე დარღვევა იარსებებს გავრცელებულ ინფორმაციაში, დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო ორგანოებს კომპეტენციის ფარგლებში ექნებათ შესაბამისი რეაგირება, რასაც არანაირი შემხებლობა არ ექნება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან და შედეგებთან."