Laal Singh Chaddha — ასე ჰქვია ფორესტ გამპის ინდურ ვერსიას, რომელსაც მსოფლიოს მაყურებელი მალე იხილავს. 1994 წლის ოსკაროსანი ფილმის ახალი ვერსიის გადაღება ინდოეთში უკვე დასრულებულია და მისი ტრეილერიც უკვე გამოვიდა.

ტომ ჰენკსის ნაცვლად ფორესტ გამპის ინდურ ვერსიაში მთავარ როლს ბოლივუდის ვარსკვლავი ამირ ხანი შეასრულებს. ამირ ხანი ინდურ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მსახიობად ითვლება. "ყოველთვის მიყვარდა ფორესტ გამპი. ეს არის არაჩვეულებრივი ისტორია, არაჩვეულებრივი პერსონაჟებით. მიხარია, რომ ამის ნაწილი მეც ვიქნები", — ამბობს ამირ ხანი.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ადაპტირებული ვერსია ინდოელი ბიჭის შესახებ გვიყვება, რეჟისორის თქმით, ორიგინალი ფორესტ გამპის ისტორიის ნაწილი ისევ განმეორდება. Laal Singh Chaddha-ში მთავარი პერსონაჟის ბავშვობის ფეხის ტრავმას, სამხედრო სამსახურს, ისტორიულ ფიგურებთან შეხვედრას და რაც მთავარია, ბევრ სირბილს ვნახავთ, რაც ფილმის ტრეილერშიც ჩანს.

პროდიუსერების განცხადებით, ფილმს ინდოეთის 100-ზე მეტ სხვადასხვა ადგილას იღებდნენ და საკმაოდ პოპულარული საუნდტრეკებიც შეურჩიეს. ფორესტ გამპის ინდური ვერსიის პრემიერა 11 აგვისტოს შედგება.