ჰომოფობიური ჯგუფის წევრები ამტკიცებენ, თითქოს მათზე ინტენსიური ფინანსური შეტევა მიმდინარეობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ალტ-ინფო ულტრამემარჯვენე და მოძალადეების ჯგუფია, რომელიც სიძულვილის ენას სისტემატურად იყენებს.

  • მათ ღიად აქვთ განცხადებული პრორუსული პოლიტიკა.
  • ეთერიდან ძალადობრივ, ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ ნარატივებს აჟღერებენ.
  • ტელეარხს მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობის უფლება აქვს და სახიფათო კრემლისტურ პროპაგანდას ავრცელებს.

ზურაბ მახარაძემ გუშინ ეთერში განაცხადა, რომ ალტ-ინფო "დახურვის საფრთხის წინაშეა".

  • ის ამბობდა, რომ ტელევიზიისთვის თანხებს აგროვებენ.

კონსტანტინე მორგოშიას თქმით, აქვთ ხელფასების ჩარიცხვის პრობლემა და რამდენიმე ოფისის დახურვას განიხილავენ, მაგრამ "სტრატეგიულად მნიშვნელოვანს" დატოვებენ.

  • On.ge-ისთან საუბარში ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი ამტკიცებს, თითქოს ბიზნესმენები, რომლებიც "მხარში ედგნენ" ძალადობრივ ჯგუფს, მენეჯმენტმა დაიბარა და უთხრეს, რომ უნდა შეწყვიტონ ალტ-ინფოს და კონსერვატიული მოძრაობის დაფინანსება.
  • გვეუბნება იმასაც, რომ აქვთ მოლაპარაკებები სხვა ბიზნესმენებთან, რომლებიც არ არიან დამოკიდებულები მხოლოდ საქართველოს საბანკო სექტორზე და ფინანსურ ინსტიტუტებზე.
  • "ქართველი ბიზნესმენები არიან, რომლებიც რუსეთში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოღვაწეობენ", — უთხრა მან TV პირველს.

ალტ-ინფო 5-6 ივლისის ჰომოფობიური აქციის და ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორი იყო.

  • ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, დაარბიეს ოფისები და დევნეს აქტივისტები.
  • 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
  • დანაშაულის ორგანიზატორები არ დასჯილან და ახალ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობენ.
  • პირებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული, მინიმალური სანქციები შეეფარდათ.