გასული თვის ბოლოს საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი გაიმართა, რომელმაც სამთავრობო და კერძო ორგანიზაციებს მოუყარა თავი. ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და გამოსავლებზე საუბარი ხუთი დღე გაგრძელდა. ფორუმი საქართველოს ICT კლასტერისა და ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის ორგანიზებით, ასევე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და სხვა 20-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიება 4 ძირითად თემას მოიცავდა, ესენია: სამთავრობო ტექნოლოგიები და ციფრული ტრანსფორმაცია, საფინანსო ტექნოლოგიები, განათლება და კომუნიკაციები.

ფორუმის გამხსნელი თემა ციფრული ტრანსფორმაცია და GovTech იყო, რომლის ფარგლებშიც ახალი გამოწვევები და პარადიგმები განიხილეს — დახურული, ცენტრალიზებული სისტემიდან ღია, დეცენტრალიზებულ ეკოსისტემამდე. თუმცა, საგულისხმოა, რომ საზოგადოებაში ციფრული ტრანსფორმაციის განსხვავებული აღქმა არსებობს, ასევე ყველა განსხვავებულად ხედავს საქართველოში მის საჭიროებას. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში სფეროში ჩართული რამდენიმე პროფესიონალის აზრი გავაერთიანეთ.

რა არის ციფრული ტრანსფორმაცია?

კომპანია "აზრის" დამფუძნებელი, დავით ჯაფარიძე ციფრულ ტრანსფორმაციის განსხვავებულ გაგებას გვთავაზობს. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ არსებული ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება...

ფოტო: დავით ჯაფარიძე

"ციფრული ტრანსფორმაცია არის უნარი, შეხედო სამყაროს სხვა პრიზმიდან და შეცვალო ის თანამდეროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ხშირად ცუფრულ ტრანსფორმაციაში გულისხმობენ არსებული ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებას, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს ბევრად მეტის გაკეთების საშუალებას. ციფრულ ტრანსფორმაციაში ყველაზე მნიშვნელოვანია ვიყოთ ფოკუსირებული არა უშუალოდ პროცესებზე, არამედ იმ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, რომელმაც გააჩინა და რომელსაც ემსახურება ესა თუ ის პროცესი. ამ მიდგომით ჩვენ შევძლებთ უფრო დიდი სურათის დანახვას, უკეთ აბსტრაჰირებას და შესაძლებელია სრულიად ახალი გამოსავლის პოვნასაც, ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად. სწორედ ახალი, განსხვავებული ხედვით და თანამედროვე ტექნოლოგიების კარგი ცოდნით შეიძლება მივაღწიოთ რეალურ ციფრულ ტრანსფორმაციას", — დავით ჯაფარიძე.

გიორგი სიმონგულაშვილისთვის, რომელიც ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია GEC-ს წარმოადგენს, ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნეს მოდელისა და მომხმარებელთა გამოცდილების ცვლილებას უდრის, ასევე ხარჯების ოპტიმიზაციასთან და თანამშრომლების უკეთეს ჩართულობამდე მივყავართ.

"ჩვენ ვუყურებთ ციფრულ ტრანსფორმაციას როგორც ტექნოლოგიების მეშვეობით სერვისების/პროდუქტების მიწოდებისას ბიზნეს მოდელების და მომხმარებლების გამოცდილების ცვლილებას. ჩვენ ვთვლით რომ ციფრული ტრანსფორმაცია უნდა უზრუნველყოფდეს ორგანიზაციის(ების) ან სისტემების ისეთ ცვლილებას რომელიც მოქმედებს მათ ბიზნეს მოდელზე და სტრატეგიაზე და კულტურაზე.

გარდა ამისა, ჩვენი აზრით, მართებულად განხორციელებული ციფრული ტრანსფორმაციის მეშვეობით შესაძლებელია, გააუმჯობესო მომხმარებლის გამოცდილება, გაზარდო თანამშრომლების ჩართულობა და შესაძლებლობები, ოპტიმიზაცია გააკეთო ხარჯების და რაც მთავარია, ასევე უზრუნველყო ორგანიზაციის და სისტემის ბიზნესს მდგრადობა/უწყვეტობა და შექმნა გარკვეული ეკოსისტემა ორგანიზაციის/სისტემის გარშემო", — გიორგი სიმონგულაშვილი.

რატომაა მნიშვნელოვანი ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოსთვის?

ეს ის ძირითადი აქცენტია, რომელიც ციფრული განვითარების ფორუმს მისი მიმდინარეობის განმავლობაში უწყვეტად გასდევდა თან.

ფოტო: გიორგი სიმონგულაშვილი

"ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ინტელექტ-ტევადი და ცოდნა-ტევადი მიმართულებების განვითარებას; ასეთად მიგვაჩნია ციფრული ტრანსფორმაცია და შესაბამისად ამიტომაც აქტიურად ვუჭერთ მხარს ასეთ ინიციატივებს", — ამბობს გიორგი სიმონგულაშვილი, როცა ფორუმის მხარდაჭერის მიზეზებზე ვეკითხებით. ხოლო საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობას შემდეგნაირად აფასებს:

"იმ ქვეყნისთვის, რომლესაც არ აქვს მრავალი სახის ბუნებრივი რესურსი და იმ ქვეყნისთვის, რომელიც წარმოადგენს ძირთადად სატრანსპორტო/ლოგისტიკურ კორიდორს და იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ჯერ არ აქვს მძლავრად განვითარებული საწარმოო და აგრარული პოტენციალი, ციფრული ტრანსფორმაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელმაც ქვეყნის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს, დაწყებული სახელმწიფო სერვისების ციფრული ტრანსფორმაციიდან დამთავრებული ციფრული ტექნოლოგიების აგრარულ სექტორში გამოყენებით".

ფოტო: გეგი ქელბაქიანი

განსხვავებული პასუხი აქვს გეგი ქელბაქიანს, კომპანია "რეფორმადან". ის ამ საკითხზე საუბრისას ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში და მსოფლიოში ეს არის ძირითადი მიმართულება განვითარების, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამას ფეხი აუწყოს და ამ კუთხით უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო მოთამაშეების ჩართულობა გვქონდეს. აქედან გამომდინარე, ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი, რომელიც გაიმართა იყო ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ მოხდა ძალიან ბევრი სტეიკჰოლდერის ერთად შეკრება, იდეების გაცვლა, იმ წინსვლებისა თუ სტატუს კვოს დანახება ერთმანეთისთვის, თუ სად ვართ დღეის მდგომარეობით და რა გამოწვევებია. შესაბამისად, პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ გამოჩნდა ის "როუდ მეფი", რა მიმართულებითაც უნდა იაროს როგორც სახელმწიფომ, ასევე კერძო სექტორმა", — ამბობს გეგი ქელბაქიანი.

ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის შედეგები ერთბაშად ხილვადი ვერ იქნება, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია, მთავარი მოთამაშეები კი — ერთმანეთთან დაკავშირებული. დავით ჯაფარიძის აზრით, ეს ძალისხმევა და ამ მხრივ დაძრული ყინული საქართველოს მისცემს საშუალებას, სწრაფი და გონივრული მოქმედების შემთხვევაში, კონკურენცია გავუწიოთ ამ მომენტისთვის ჩვენზე წარმატებულ სახელმწიფოებსაც.

"თეორიულადაც და ემპირიულადაც ჩანს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი არის გრძელვადიანი განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ესეც რომ არ იყოს, საქართველო ვერ იქნება კონკურენტული ტერიტორიის, მოსახლეობის ან ბუნებრივი რესურსების ოდენობით. დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ახალი ტექნოლოგიების შექმნა საქართველოში რთულია, თუმცა მათი ადაპტაცია და დანერგვა სავსებით შესაძლებელი. ციფრული ტრანსფორმაცია აჩენს შესაძლებლობების ფანჯარას საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის მასშტაბი გვაძლევს მეტი მოქნილობის და მობილობის საშუალებას. შესაბამისად თუ ჩვენ ვიმოქმედებთ სწრაფად და გონივრულად, შესაძლებელია კონკურენცია გავუწიოთ ჩვენზე ბევრად დიდ და წარმატებულ სახელმწიფოებსაც", — დავით ჯაფარიძე.

ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი 2022 დასრულდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ საკითხებზე და ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე საუბარიც სრულდება. სფეროში ჩართული მხარეები ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობენ და მომავალში ისევ შეიკრიბებიან, რათა ერთმანეთს მიღწევები გაუზიარონ და ახალი გამოწვევების გადაჭრის გზებიც დასახონ.