მაუწყებლობის ავტორიზების უფლების მქონე პირები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და კომპანიებს GMR, იმედი, რუსთავი 2, მაესტრო, GDS, კომედი არხი და მარაო მიმართავენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ ეთამაშებიან ზემოთ ჩამოთვლილი მაუწყებლების გავრცელებაში გადასახადის დაწესებას და დასძენენ, რომ აბონენტები საკაბელო ოპერატორებს მსოფლიოს არხებისთვის ირჩევენ. მათ წერილით ეცნობათ, რომ იმედის, რუსთავი 2-ის, მაესტროს, GDS-ს, კომედი არხისა და მარაოს გავრცელების მსურველებს 20 მაისამდე უნდა მიემართათ, სხვა შემთხვევაში კი მათ ტრანსლირების უფლება უწყდებოდათ.

"საბოლოო ნაბიჯის გადადგმამდე გაითვალისწინოთ რომ, საკაბელო ოპერატორები ხელს უწყობენ სამაუწყებლო კომპანიებს სიგნალის გავრცელებაში საქართველოს მასშტაბით, რაც უშუალოდ განსაზღვრავს არხების ყურებადობის მაჩვენებელს და სარეკლამო ბაზრის მასშტაბებს. კერძო ტელეკომპანიების შემოსავალს წარმოადგენს კომერციული რეკლამა, რომელიც გათვლილია საქართველოს მოსახლეობაზე. ტელეარხზე რეკლამის განთავსების ძირითად ინდიკატორს წარმოადგენს მაუწყებლის გავრცელების არეალი და ყურებადობა, რაშიც ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს სწორედ სატრანზიტო კომპანიები ასრულებენ," - აღნიშნავენ ავტორიზებული პირები ტელეკომპანიებისთვის მიწერილ წერილში.

ავტორიზებული პირები განმარტავენ, რომ საერთო მაუწყებლების პაკეტში განთავსების ვალდებულება მათ სავალდებულო ტრანზიტის, ე.წ. Must Carry-ის გათვალისწინებით აქვთ.

"ამავე დროს საქართველოს კანონი გართმევთ უფლებას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისგან მოითხოვოთ ანაზღაურება სატელევიზიო სიგნალის ტრანზიტის სანაცვლოდ," - აღნიშნავენ ავტორიზებული პირები და დასძენენ, რომ მაუწყებლების მთავარი ინტერესი საკაბელო კომპანიების პაკეტში მოხვედრაა.

დღეს On.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ შპს GMR-მა სილქნეტის მსგავსად შეტყობინება საქართველოში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა პირს დაუგზავნა. მათ შორის, Myvidoe.ge-ს, Imovies.ge-სა და 100-ზე მეტ კომპანიას. შპს GMR-ის დირექტორს, ზურაბ ნაყეურს მიაჩნია, რომ ქართული მაუწყებლები სხვა ქვეყნის მაუწყებლებთან შედარებით არათანაბარ პირობებში არიან. სწორედ ამით ხსნის მიზეზს, კომპანიებთან კომერციული თანამშრომლობის სურვილს. მისი თქმით, თითოეულ კომპანისთან თანამშრომლობის პირობები მოლაპარაკების შედეგად გაირკვევა.