ფინანსური აპლიკაციები ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი გახდა და თითქმის მთლიანად განსაზღვრავს ჩვენს ფინანსურ ფუნქციონირებას. სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციის განსახორციელებლად ფილიალებში მისვლა აღარ გვიწევს და ციფრული სერვისები იმდენადაა განვითარებული, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე გადახდა მომენტალურად შეგვიძლია. თუმცა, რა იქნება შემდეგ? საით მიდის ფინანსური აპლიკაციების განვითარების გზა? რა ტენდენციებია ამ მხრივ მსოფლიოს მასშტაბით და რა ხდება საქართველოში?

ეჭვგარეშეა, რომ ფინანსურ აპლიკაციებს ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს და ეს როლი სულ უფრო მზარდია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ამ კუთხით სტატიების კონკურსი გამოვაცხადოთ.

თუ ხარ ჟურნალისტი, ბლოგერი ან სტუდენტი, რომელსაც ტექნოლოგიური ჟურნალისტიკა იტაცებს, შეგიძლია მიიღო მონაწილეობა NEXT.On.ge-ისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ კონკურსში და მოიგო თანხა 1000-ლარიანი საპრიზო ფონდიდან. ამისათვის:

  • უნდა დაწერო საავტორო/ანალიტიკური სტატია ფინანსური აპლიკაციების თემაზე;
  • უნდა დაიცვა NEXT.On.ge-ის სტანდარტები: ტექსტში ან მის ბოლოს უნდა გქონდეს მითითებული (გალინკული) გამოყენებული წყაროები, კვლევები, სტატიები;
  • სტატიის შემცველი PDF ფაილი 15 აგვისტოს 23:59-მდე უნდა გამოგზავნო ელ. ფოსტაზე — [email protected] (subject-ში მიუთითე — საკონკურსო სტატია).

საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს ტექნოლოგიურ ჟურნალისტიკაში გამოცდილი ადამიანებისგან შემდგარი გუნდი.

გამარჯვებული სტატიის ავტორი საქართველოს ბანკისგან მიიღებს 1000 ლარს (დღგ-ის გამოკლებით) და ასევე NEXT.On.ge-ისთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობას.

გამარჯვებული გამოვლინდება 18 აგვისტოს, NEXT.On.ge-ის ფეისბუქ გვერდზე.