პატიმრობაში მყოფი სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მორიგი წერილი გამოაქვეყნა. ამჯერად ის პატრიარქის ჩანაცვლების მცდელობებს მიმოიხილავს და იხსენებს იმასაც, რომ ილია მეორეს გადადგომის სურვილი ჰქონდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გოგაშვილი სხვადასხვა კონტექსტში ამ ისტორიის მონაწილეებად ახსენებს FSB-ის გავლენის აგენტებს, ასევე შიო მუჯირსა და ვანო ჩხარტიშვილს.

  • სუს-ის ყოფილი უფროსის მტკიცებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი დასჯა შეკერილი საქმით, რომლის დაზარალებულებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არიან.
  • მისივე თქმით, ამით პირდაპირ დასტურდება საქართველოს ძალოვანი უწყებების და რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი.

დეტალები: გოგაშვილი ახსენებს რომანოვსკის და ადამიას, რომელსაც პუტინის ახლო გარემოცვის, ვინმე მატვიენკოს, პოლტავჩენკოს და ასევე FSB-ს გავლენის აგენტებს უწოდებს.

  • მისი მტკიცებით, მათ აქვთ დავალება მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება.
  • როგორც გოგაშვილის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ამბობდა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ რუსეთის მოქალაქის კონსტანტინ რომანოვსკის საჩივარია.

გოგაშვილის მტკიცებით, სუს-ში ყოფნის პერიოდში და შემდეგაც ცდილობდა, ამ ყველაფრისთვის ხელი შეეშალა და ინფორმაციაც რამდენჯერმე გაავრცელა.

  • ამბობს, რომ პატრიარქის შესაცვლელად, პირველ კანდიდატად განიხილებოდა მეუფე შიო, რომელზეც "ორივე მხარე მუშაობდა".
  • მისი თქმით, ეს ინფორმაცია არ გააჟღერა ტელევიზიით, რადგან ჯერ მასთან შეხვედრა სურდა და ასეც მოიქცა.

პატრიარქის გადადგომის საკითხი: სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მტკიცებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებამდე პატრიარქი აპირებდა გადადგომას "კონკრეტულად 14 ოქტომბერს".

  • "ამის შესახებ მეუფე შიომაც დამიდასტურა და თქვა, რომ თვითონ შეწუხებული იყო და ასევე ჩემი ინფორმაციით (რაც საპატრიარქოში ბევრმა იცის) ხელისუფლებასაც ამ დროისთვის არ აწყობდათ პატრიარქის გადადგომა და მათ შეძლეს პატრიარქის გადარწმუნება".
  • "მეუფე შიოს მე აღუთქვი დახმარება და ყველა სახის ინფორმაციის გაზიარება, რაც მას ააცილებდა. მან მადლობა გადამიხადა და მას შემდეგ არ დამკავშირებია".
  • ამავე თემაზე საუბრისას ის ამბობს, რომ საპატრიარქოს ტახტის სავარაუდო კანდიდატებზე სასაუბროდ მასთან შეხვედრა ითხოვა ვანო ჩხარტიშვილმა.
  • "დავალებული მქონდა მისთვის მიმეწოდებინა ყველა ინფორმაცია. მან თავისი მოსაზრება გამოთქვა სხვადასხვა მეუფეებთან დაკავშირებით, ახასიათებდა სხვადასხვანაირად ყველა მათგანს როგორც საკუთარ კომპანიაში დასანიშნ კანდიდატებს. მან მთავარი აქცენტი გააკეთა მეუფე შიოზე, რომ ის იყო ყველაზე მისაღები კანდიდატი, რომ ეს იყო შეთანხმებული უფროსთან", — წერს ის.

პატრიარქთან შეხვედრა: გოგაშვილი წერს, რომ ამ მოვლენებამდე უფრო ადრე, 2020 წელს შეხვდა ილია მეორეს და გააცნო მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეები.

  • "მან ჩვეულებისამებრ ყველაფერი მოისმინა და მითხრა შემდეგი სიტყვები, რომელიც მე არასდროს არ დამავიწყდება: "იოსებ, შვილო ნუ დაეჯახები მათ, დიდი შური იციან და ამისათვის არ მემეტები".

მუქარა და გაფრთხილება: გოგაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ პაუზა აიღო და ამ ხნის განმავლობაში მიიღო ბევრი მუქარა, გაფრთხილება, "კეთილი რჩევა".

  • "თვითმმართველობის არჩევნებამდე მეგობრული "რჩევა-გაფრთხილება" მივიღე ვახო გომელაურისგან და პრემიერ ღარიბაშვილისგან, მაგრამ რა ვიცოდი საქმე რომ უკვე აღძრული ჰქონდათ".

ამავე წერილში ისაუბრა, რომ ხელისუფლებას მისი ლიკვიდაცია ქისტი "ქილერისთვის" ჰქონდა დავალებული, რათა მაჩალიკაშვილისთვის დაებრალებინათ.

  • გოგაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია მეუფე იაკობმა წელიწადნახევრის წინ მიაწოდა.

არქივიდან: გოგაშვილი 16 ივლისს სპეცოპერაციით დააკავეს. რამდენიმე საათით ადრე კი მან პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების დროს გაყალბების მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც დიპლომატიურ კორპუსს და NGO-ებს გადასცა.

  • 21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჯაროეს 53-გვერდიანი ანგარიში, რომელშიც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ აგროვებდა სუს და რესურსცენტრი პოლიტიკურ დოსიეებს საჯარო მოხელეებზე და როგორ ცვლიდნენ ჯარიმებს ხმებზე.
  • გარდა ამისა, 26 ივლისს გოგაშვილმა კიდევ ერთი ვრცელი წერილი გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ გომელაურმა შვილის საქმრო ეთნიკურობის გამო გაატაცებინა და აწამებინა.
  • ისაუბრა იმაზეც, რომ მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, ხოლო ხვედელიძე ივანიშვილის დავალებით, ტელეფონზე გინების გამო სცემეს.
  • 27 ივლისს მან თქვა, რომ "მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები" მისი ოჯახის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავენ.