ზოგჯერ ადამიანებს კონკრეტული რამის გახსენება გვიჭირს, მაგალითად, სად დავდეთ გასაღები, დავკეტეთ თუ არა კარი, გვავიწყდება, რომ შეხვედრა გვქონდა ჩანიშნული და სხვა. ამ დროს, უმეტესობას ისეთ დაავადებაზე ეფიქრება, როგორიც ალცჰაიმერია, მაგრამ სინამდვილეში მეხსიერების პრობლემებს სხვა მიზეზებიც ედება საფუძვლად.

ამგვარი გულმავიწყობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს და სხვადასხვა ფაქტორით იყოს განპირობებული, რომლებზეც წინამდებარე სტატიაში გესაუბრებით.

1. სტრესი, დეპრესია, შფოთვა

ძლიერი სტრესი და შფოთვა ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს და არაა გამორიცხული, რომ ყურადღების მოკრებისა და მეხსიერების პრობლემებიც გამოიწვიოს. ეს ხშირია ისეთ ადამიანებში, რომლებიც სახლისა და სამსახურის საქმეებში არიან ჩაფლულნი და სრულყოფილად გამოძინებას ვერ ახერხებენ.

არსებობს საშიშროება, რომ ქრონიკული სტრესი დეპრესიაში გადაიზარდოს, რომელიც ტვინის ფუნქციონირებაზე უარყოფითად მოქმედებს და ასევე მეხსიერებას უტევს. კარგი ისაა, რომ სამივე მათგანი განკურნებადია.

ფოტო: thedailybeast

2. ძილის დარღვევა

თითოეული ჩვენგანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ძილი უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, ნებისმიერი დარღვევა, იქნება ეს ინსომნია, ზედმეტი ძილიანობა თუ აპნოე, ანუ ღამით სუნთქვის ხშირი შეჩერება, შეიძლება გულმავიწყობითა და დემენციით დასრულდეს. ამას გამოცემაში Sleep Research გამოქვეყნებული ნაშრომიც ცხადყოფს.

აღსანიშნავია მეორე კვლევაც, რომელიც ძილის აპნოესა და სივრცით-სანავიგაციო მეხსიერების პრობლემებს შორის კავშირს უსვამს ხაზს (როცა მიმართულებები და ნივთების ადგილსამყოფელი გვავიწყდება).

3. მედიკამენტები

ზოგჯერ ამ ყველაფრის უკან არც მეტი, არც ნაკლები, მედიკამენტები დგას. მათ შორისაა შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინები. ასევე, ეპილეფსიის, წნევის, დიაბეტის, პარკინსონის, ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალო წამლები, ტკივილგამაყუჩებლები და საძილე საშუალებები.

უნდა ითქვას, რომ ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატები, რომლებიც სტატინების სახლითაა ცნობილი, კოგნიტიურ პროცესებთან დაკავშირებული უკუჩვენებების რიკსაც შეიცავს, მაგრამ საბედნიეროდ, ამას შეუქცევადი სახე არ აქვს.

ფოტო: wpengine

4. საკვები ნივთიერებების ნაკლებობა

სპეციალისტები ამბობენ, რომ ორგანიზმში ერთ-ერთი B ვიტამინის, B12-ის ნაკლებობა ნერვების გამართულ ფუნქციონირებას უშლის ხელს და შესაძლოა, დემენციას დაედოს საფუძვლად. ზრდასრულმა ადამიანებმა ყოველდღიურად 2.4 მიკროგრამი B12 უნდა მიიღონ ისეთი პროდუქტებიდან, როგორიც ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი და ვიტამინებით მდიდარი მარცვლეულია.

რისკ-ფაქტორებს შორისაა 75 წელს ზემოთ ასაკი, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, მკაცრი ვეგანური ან ვეგეტარიანული კვების რაციონი, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, ზოგიერთი მედიკამენტი და შეგრენის სინდრომი (ავტოიმუნური დაავადება, ქრონიკული პათოლოგია, რომლის დროსაც, პირველ რიგში, ლორწოვანი გარსი და ჯირკვლები ზიანდება).

5. ჩუმი ინფარქტი

აზროვნების შეზღუდვისა და გულმავიწყობის კიდევ ერთი პოტენციური მიზეზი ე.წ. ჩუმი ინფარქტია, რომელიც თვალშისაცემი სიმპტომების გარეშე ვითარდება. ამ დროს მსგავსი ცვლილებები ეტაპობრივად იჩენს თავს და ვლინდება როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ფორმით. საქმე იმაშია, რომ ინფარქტის დროს სხეულში სისხლი თავისუფლად ვეღარ მოძრაობს და ტვინს ჟანგბადი თუ სხვა საჭირო ნივთიერებები საკმარისი რაოდენობით აღარ მიეწოდება.

მეხსიერების დაქვეითების სხვა, ნაკლებად გავრცელებულ მიზეზებს შორისაა ინფექციები, თავის დაზიანება, სიმსივნე, ალკოჰოლიზმი და ნარკოდამოკიდებულება. შეგახსენებთ, რომ დროული მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ როგორც კი საეჭვო სიმპტომები შეგაწუხებთ, მიმართეთ ექიმს, რომელიც თქვენი გულმავიწყობის განმაპირობებელ ფაქტორს დაადგენს.

რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.