პატიმრობაში მყოფი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც მისი ლიკვიდაციის სავარაუდო მცდელობაზე წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გოგაშვილმა დაკავებამდე დაწერა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა და გაასაჯაროვებდა. დაკავების შემდეგ კი ავრცელებს განცხადებებს, რომლებიც მმართველი გუნდის სავარაუდო დანაშაულებზე მიუთითებს.

  • აღსანიშნია ისიც, რომ სოსო გოგაშვილის სახელი ფიგურირებდა სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში;
  • 2019 წელს კი სუს-მა დაიწყო გამოძიება და ამტკიცებდა, რომ მაჩალიკაშვილი გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს გეგმავდა.

გოგაშვილის თქმით, მეუფე იაკობმა წელიწადნახევრის წინ მიაწოდა ხელისუფლების მხრიდან მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია.

  • "ეს დავალებული ჰქონდა ქისტ "ქილერს" და ჩვენი მსჯელობის დროს ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ, იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს "ქილერი" იმყოფებოდა პანკისში."

გარდა ამისა, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ სამსახურის დატოვების შემდეგ, "ბევრი მუქარა, გაფრთხილება, "კეთილი რჩევა" მიიღო.

  • მისი თქმით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, როდესაც მან პოლიტიკური აქტივობა დაიწყო, ვახტან გომელაურისგან და ირაკლი ღარიბაშვილისგან "რჩევა-გაფრთხილებები" მიიღო.

არქივიდან: პანკისის სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამბობდნენ, რომ იოსებ გოგაშვილი იმ ღამეს მათთან ჩავიდა და ემუქრებოდა. გოგაშვილი კი ამტკიცებდა, რომ ის მაჩალიკაშვილებს არ შეხვედრია და სპეცოპერაციასთან შეხება არ ჰქონია.

  • 2019 წელს სუს-მა გაავრცელა ჩანაწერები, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის საუბარი ისმოდა — მათი მტკიცებით, გოგაშვილის წინააღმდეგ იგეგმებოდა ტერორისტული აქტი.
  • მაშინ გოგაშვილმა მადლობა გადაუხადა სუს-ს იმისთვის, რომ მისი ოჯახი განადგურებას გადაურჩა.
  • ასევე, გოგაშვილი ამბობდა, რომ ამ ბრალდების დაჯერება არ უჭირს, რადგან "იცის", რომ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის "ამგვარი ქმედებები უცხო არ არის".
  • მაჩალიკაშვილი ბრალდებას უარყოფდა და განმარტავდა, რომ ის გეგმავდა გოგაშვილის განადგურებას, ოღონდ პოლიტიკურად.