ალინა უიკერი ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, თუმცა ალაბამას უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ჩაბარება უკვე მოახერხა. ალინამ სკოლა 1 წლის წინ — 12 წლის ასაკში დაამთავრა. ის მედიცინის სწავლას 2024 წელს დაიწყებს.

ალინამ ეს ამბავი ინსტაგრამზე საკუთარ გამომწერებს ახარა და მადლობა საჯაროდ გადაუხადა დედას, რომელმაც, მისი თქმით, წარმატების მისაღწევად ყველა შესაძლებლობა მისცა:

"ჩემი მიზნების მისაღწევად და ოცნებების ასახდენად ძალიან ბევრი ვიშრომე. დედა, გამომივიდა! ამას შენ გარეშე ვერ შევძლებდი. შენ წარმატებისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა მომეცი", — წერს ალინა.

ალინა პარალელურად არიზონასა და ოკვუდის უნივერსიტეტებშიც სწავლობს. 2021 წელს ის ნასას ყველაზე ახალგაზრდა სტაჟიორიც გახდა. მისი ერთ-ერთი ოცნება ქირურგობა და ასტრონავტებთან მუშაობაა. ამდენი წარმატების მიუხედავად, ამბობს, რომ ჩვეულებრივი 13 წლის გოგოა და მისი წარმატებების საიდუმლო დროის სწორ მენეჯმენტსა და დისციპლინაში იმალება.

"ასაკი რა არის? არასდროს ხარ რაიმეს გასაკეთებლად ზედმეტად პატარა. ვფიქრობ, დავამტკიცე, რომ ყველაფრის გაკეთება შემიძლია, თუ გულით მოვინდომებ", — ამბობს ალინა.