დაახლოებით ერთი წლის წინ რეგე-ჟან პეიჯმა სერიალი Bridgerton დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა პერსონაჟმა ფანებისგან ყველაზე დიდი სიყვარული დაიმსახურა. მსახიობის წასვლის შემდეგ მაყურებელი მის დაბრუნებას დღემდე ითხოვს, თუმცა პეიჯი თვლის, რომ ამის მიზეზი არ არსებობს.

ახალ ინტერვიუში პეიჯმა განმარტა, რომ მისი პერსონაჟის ისტორია დასრულდა და ამიტომ, სერიალში დაბრუნებას არც კი განიხილავს. "მიხარია, რომ მაყურებლებს ჩემი პერსონაჟი მოსწონდათ და მისი ხილვა კიდევ სურთ, მაგრამ ისტორია დასრულდა", — განაცხადა მსახიობმა.

რეგე-ჟან პეიჯის თქმით, საიმონი და დაფნა ახლა "ბედნიერად ცხოვრობენ და ამას ვერავინ შეეხება". მსახიობმა თავისი პერსონაჟის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სერიალის დასაწყისში საიმონი ემოციურად გატეხილი იყო, თუმცა მაყურებელმა მისი განვითარება დაინახა და პერსონაჟის ისტორიაც საკმაოდ კარგ მომენტში დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ სერიალიდან მსახიობის წასვლას სხვადასხვა მიზეზით ხსნიდნენ. მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ რეგე-ჟან პეიჯმა ახალი ხელფასი დაიწუნა. სერიალის ახალ სეზონებში მისი პერსონაჟი ეპიზოდურ როლში იქნებოდა. კონტრაქტის გასაგრძელებლად კი მსახიობს ერთ სერიაში 50 ათასი დოლარი შესთავაზეს, რაც მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.