ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში "წავიდა". ეს მეორე წასვლა იყო და პირობა დადო, რომ საბოლოო. ამის შემდეგ მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა: განცხადება გაავრცელა, ტიკტოკი გადაიღო, აბასთუმანში ჩავიდა.

თუმცა, წელიწადნახევრის განმავლობაში მისი სახელი ხშირად ფიგურირებდა თითქმის ყველა პოლიტიკურ პროცესში. დავიწყებას რომ არ მისცემოდა, ხან მმართველი გუნდის ლიდერები აქებდნენ და ადიდებდნენ, ხან ისტორიის წიგნებში მეცენატად მოიხსენიებდნენ.

ბოლო პერიოდში, როცა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხი პრობლემური გახდა, როცა პარტნიორებმა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია მოგვცეს, მმართველმა გუნდმა კი ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერა, ივანიშვილის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

ხმაურიანი განხილვების ფონზე ექსპრემიერი გამოჩნდა — განცხადებით, რომელშიც მთავრობა აქო, ომში ჩართვის ანტიდასავლური ნარატივი გაიმეორა, გვიმტკიცა, რომ შვეიცარიულ ბანკთან დავა მისი პირადი პრობლემაა, მაგრამ "საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს". იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკიკთხი — ელჩთან შეხვედრა. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ დეგნანის ინიციატივით 21 მარტს შეხვდნენ, რაც დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა. ის დეტალებზე არ საუბრობს, რაც დამატებით ეჭვებს აჩენს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ექსპრემიერის განცხადებას ბევრი შეფასება, კრიტიკა და კითხვა მოყვა. მმართველი გუნდის წევრებს კი, რა თქმა უნდა, არც ქება დავიწყებიათ. ამ სტატიაში განახლებად რეჟიმში შემოგთავაზებთ გამოხმაურებებს, როგორც ოპოზიიცისა და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, ქართული ოცნების წევრებისგან.


გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღევანდელ წერილში ივანიშვილმა "თავისივე დადგმულ სპექტაკლში, თავისივე დასმულ კითხვაზე გასცა პასუხი", როცა თქვა, რომ ელჩთან შეხვედრა შედგა. მისივე აზრით, რომ გავიგოთ, რა მიზნის მიღწევა უნდოდა ექსპრემიერს, უნდა გავიხსენოთ, რა უსწრებდა ამ წერილს წინ — პარტიიდან წავიდა 3 დეპუტატი, პროსახელისუფლებო ექსპერტებმა გააჟღერეს, რომ ამერიკა ცდილობს ბიძინას დაშანტაჟებას და წასულებმა დასვეს კითხვა ელჩისა და ივანიშვილის შესაძლო შეხვედრაზე.

"შანტაჟზე არაფერი წერია, მაგრამ რადგან შეხვედრის შესახებ ყაველაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა, ე.ი. შანტაჟის შესახებ ინფორმაციაც სიმართლე უნდა იყოს.

ანუ, მთელი ეს სპექტაკლი იმისთვის მოაწყო, რომ ეთქვა — 21 მარტს ამერიკის ელჩი თავისი ინიციატივით შემხვდა და დამაშანტაჟა, დაუწყოს საქართველომ რუსეთს ომი, თორემ შვეიცარიის ბანკში რომ ფული გაქვს, იმას წაგართმევთო", — წერს ის და მიიჩნევს, რომ ივანიშვილი"ასე ვირეშმაკულად ცდილობს ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას".

ლელოს ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ეს წერილი, არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩრდილოვანი და ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნის მთავარი გამოწვევაა.

"ეს ფაქტობრივად დაადასტურა თავად ივანიშვილმა. რატომ გადაწყვიტა მან ამ წერილის გამოქვეყნება ვერ გეტყვით, როგორც ჩანს, ის არის საკმაოდ შეშფოთებული დღეს საკუთარი მდგომარეობით", — აცხადებს სმადაშვილი.

სტრატეგია აღმაშენებლის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძეც ფიქრობს, რომ წერილი ოლიგარქიული მმართველობის დასტურია. მისივე აზრით, დასტურდება ისიც, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს ყველაფერს.

"მეორე — ეს წერილი დასტურია, რომ ის ტრიო არის მისი მეორე პროექტი, რომლითაც საქართველოს ბედს ეთამაშება.

მესამე — ეს წერილი დასტურია, დასავლეთზე, ევროპაზე, ამერიკაზე, ამერიკის ელჩზე, ევროკავშირის ელჩზე შეტევის მთავარი ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი.

ეს წერილი დასტურია იმის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენ ვერ მივიღეთ სწორედ მის გამო", — ამბობს ვაშაძე.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძის აზრით, ივანიშვილის წერილის მთავარი სათქმელი იყო ის, რომ ვიღაცებს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდათ. მისივე შეფასებით, ელჩთან შეხვედრის ხანგრძლივობაზე ხაზგასმით ივანიშვილი ირიბად მიანიშნებს საუბრის თემის სირთულეზე და შესაძლო ზეწოლაზე. პოლიტიკოსი ამბობს იმასაც, რომ საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება არის შანტაჟის გაგრძელება და დასავლეთზე თავდასხმა ერთადერთი მიზნით — "არ მოიხსენიონ ოლიგარქად, არ შეეხონ მის არაფორმალურ ძალაუფლებას და კვლავ ძველებურად მართოს კულისებიდან ქვეყანა".

"რა საკითხზე უნდა ყოფილიყო ელჩის მიერ ზემოქმედების მცდელობა? რადგან საიდუმლოდ ინახავს, გვაფიქრებინებს, რომ ომი უნდოდა რომ დაეწყო, ანუ უნდოდა რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრილიყო, ბიძინა პრემიერ-მინისტრად დაესვათ რუსებს და ამერიკა ამით გახარებული 500 მილიონს დაუბრუნებდა შვეიცარული ბანკიდან. წერილში ამას ვერ ამოვიკითხავთ, მაგრამ ამაზე ტროიკები და სხვები ხომ წერდნენ და ლაპარაკობდნენ? ეს რა თქმა უნდა არის აბსურდი" — წერს ის.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ ამ წერილის მთავარი პათოსი არის ვაჭრობა და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის დაცვა.

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიზანი და ამისთვის იგი არამხოლოდ თავს დაესხმება ელჩს ან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ის გაყიდის ქვეყნის ინტერესებსაც. რაც შეეხება შეხვედრას, მე არ მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა სიტყვა უნდა დავიჯეროთ", — ამბობს სამნიძე.

პარტია საქართველოსთვის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი ფიქრობს, რომ პირადი შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გამოტანა და გასაჯაროება არ არის სწორი გადაწყვეტილება.

"ჩვენი ამერიკელი პარტნიორების გადასაწყვეტია ვის აღიარებს და ვის არა. ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ალბათ, ცოტა ხანში ყველასთვის ცნობილი გახდება ამერიკელების პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", — ამბობს ის.

ქართული ოცნების წევრის და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის აზრით, ივანივილის წერილი ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს. მიზეზები ასეთია:

"ერთი მხრივ, გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიციაა წარმოდგენილი და ერთმნიშვნელოვნად დადებითად შესაფასებელი დამოკიდებულებები, რომელიც ამ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით არსებობს".

ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა კი განაცხადა, რომ ახლა კელი დეგნანის ჯერია და შეხედრის დეტალები მან უნდა გაასაჯაროოს. იქვე ხაზი გაუსვა, რომ ივანიშვილი არის ამ ქვეყნის გულშემატკივარი და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა, რჩება მთავარ გულშემატკივრად.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ამ წერილით ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს იგივე რიტორიკას, რასაც ქართული ოცნება. რაც შეეხება ელჩთან შეხვედრის საკითს, მისი თქმით, სჯობს საელჩოს განცხადებას დაველოდოთ.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ეს არის გაგრძელება უბინძურესი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობის კამპანიის.

"მტრობა ჰქვია ამ ბოდვას, რომელსაც ივანიშვილი პერსონალურად და მისი გარემოცვა ავრცელებს, ახლა ეს ბოლო თვეებია. რასაც ზოგადად წლებია აკეთებს — დემონიზება თავისუფლების იდეის და თავისუფალი სამყაროს პუტინისტური პროპაგანდით, პირდაპირ თუ ირიბად. ახლა, ეს ბოლო თვეებია, გადავიდა იმ ზღვარზე, რომ უტიფრად, ასეთ ბოდვაში ვართ, რომ სერიოზულად ეს კაცი და მისი გარემოცვა გვთავაზობს ამ ფორმულას, რომ ამერიკა ჩვენ გვმტრობდა და ივანიშვილის პირადმა გამბედაობამ გადაგვარჩინა და ამიტომ ის ისჯება", — ამბობს ის.

ყოფილი ექსპრემიერი და პარტიიდან წამოსული გიორგი გახარია საკითხს მოკლედ გამოეხმაურა.

"სამწუხაროა ეს ყველაფერი, საიდან სადამდე, საკუთარ პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით და ასე იმსხვრევა მითები", — თქვა მან.

ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძეც მაქებართა სიაშია. პალიტრა ნიუსის ეთერში მან განაცხადა, რომ ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და როგორი პატრიოტია ბიძინა ივანიშვილი.

"ის ძალიან გამჭვირვალედ და პირდაპირ ამბობს სიმართლეს, ეს ყოველთვის იყო მისი ხელწერა, როდესაც პოლიტიკაში გახლდათ და ახლაც, როდესაც პოლიტიკიდან გასულია — მისი ხელწერა რჩება იგივე. ის ეუბნება თავის საზოგადოებას სიმართლეს", — ამბობს თალაკვაძე და ფიქრობს, რომ ივანიშვილმა პასუხი გასცა კითხვებს.

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის შეფასებით, ეს წერილი არის ამერიკის მიმართ მორიგი შანტაჟი. მისი თქმით, ივანიშვილი ცდილობს მიანიშნოს, რომ თუ დასანქციერდება, მოაღებს პირს და იტყვის, რომ ელჩი აიძულებდა ომი დაეწყო.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ივანიშვილი კუთხეშია მიმწყვდეული, არ იცის როგორი სტრატეგია აირჩიოს, რადგან სანქციები მისთვის არის სერიოზული შიშის ფაქტორი.

"ივანიშვილის რიტორიკა და გზავნილი იყო გააზრებული, მის ტვინში მოხარშული გზავნილი იყო ომის რიტორიკა, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაეცვა თავისი ფინანსური კაპიტალი და ძალაუფლება", — ამბობს ის.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა უბრალოდ თქვა იმასთან დაკავშირებით, "რა მოხდა რეალობაში".

"იყო მოთხოვნა და განცხადებები გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას გაეგო, იყო ეს შეხვედრა თუ არ იყო, რას ეხებოდა.

ჩვენ ხომ მოვისმინეთ არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, ეს ხომ ციდან მოტანილი თემა არ არის, თუ როგორ მოგვიწოდებდნენ პირდაპირ ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი", — ამბობს ის.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, წერილმა სერიოზული კითხვები გააჩინა, თუმცა სიღრმეებში შესვლა არ უნდათ.

"ამ შემთხვევაში, ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ბევრი რამ იკითხება ამ წერილიდან, მათ შორის ქვეტექსტებიც ძალიან მკაფიოა", — ამბობს ის, თუმცა არ საუბრობს კონკრეტულად რა ქვეტექსტებს გულისხმობს.

პარტიიდან წამოსული მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ როცა კელი დეგნანს დაუსვა კითხვა, ომის შემდეგ შეხვდა თუ არა ივანიშვილს ელჩი "პირდაპირ პასუხს გაექცა". მისივე თქმით, სწორედ ეს აინტერესებდათ, რადგან როცა საუბრობდნენ იმაზე, რომ "რაღაც კულუარებში ხდებოდა რაღაც შეხვედრები და მოთხოვნები". ამის შემდეგ მან საკმაოდ გაურკვევლად, თუმცა კიდევ ერთხელ განავითარა მოსაზრება იმაზე, რომ ელჩი იმ ხალხის უკან დგას, ვინც ომში ჩათრევას ცდილობდა.

"კიდევ ერთხელ ვიძახი — ჩართვა, საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში და მეორე ფრონტის გახსნა. მერამდენედ მიწევს გამეორება. სხვა რამეზე კი არ ვსაუბრობ, ჩვენს თვალწინ ხდებოდა და კიდევ ერთხელ, აღარ გამამეორებინოთ ვინ რას იძახდა, რა მოწოდებებით გამოდიოდა, ვის რა სურდა და ა.შ. ეს ლოგიკური ჯაჭვი შეკრულია", — განაცხადა მან, რაზეც ჟურნალისტმა ჰკითხა, რა შუაშია კელი დეგნანი. ყაველაშვილმა კი ასე გააგრძელა:

"კელი დეგნანი იმაშია, რომ ადამიანები, რომელსაც ის მხარდაჭერას უცხადებს, ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეები იყვნენ, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა და გამონათქვამები, კიდე რა ვთქვა არ ვიცი... ლოგიკურ ჯაჭვს სად ვხედავ იცი, ეს რომ ვერ განახორციელეს საქართველოს ხელისუფლების მეთაურობით დაიწყო პროცესი, რომ როგორმე რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო და ამ ომის ფონზე, გლობალური დაძაბულობის ფაქტზე მომხდარიყო ხელისუფლების ცვლილება".

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ივანიშვილმა დაადასტურა დეგნანთან შეხვედრა და სიტყვა არ დაძრა იმ ბრალდებებზე, რომელსაც "მისი ხელის ბიჭები" უყენებენ აშშ-ს ელჩს და ვაშინგტონს. მისი შეფასებით, ივანიშვილი არ გაემიჯნა ბრალდებებს, რითაც აღიარა რომ თავადაა ავტორიც და დირიჟორიც "იმ ბინძური სიმფონიის, რომელსაც მისი ხელქვეითების ორკესტრი ასრულებს დასავლეთის წინააღმდეგ".

"უკვე შემდგარი ფაქტია — ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება. აი, ასე, საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს! ფაქტიც სახეზეა და პოლარიზაციაც. ჩვენ დასავლეთი გვინდა, ის დასავლეთი, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი უკვე ღიად უპირისპირდება და მიგვათრევს იმპერიის ორღობეებში. ამ ვითარებაში და ამ ძალასთან შეუძლებელია დეპოლარიზაცია", — წერს ის.

კიდევ ერთ წასული, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ პრაქტიკულად ამ წერილმა ფარდა ახადა ყველაფერს — არა მხოლოდ იმას შედგა თუ არა შეხვედრა დეგნანსა და ივანიშვილს შორის, არამედ ამ წერილის შინაარსში იკითხება თუ რაზე იყო იქ საუბარი. აქვე ის ავითარებს ანტიდასავლურ და პროპაგანდისტულ მოსაზრებას, რომ საუბარი ომში ჩართვას შეეხებოდა.

"დამატებით კიდევ ერთი კითხვა — თუკი ბატონი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდებოდა იმას, რომ ქვეყანა მაღალ რისკებზე გასულიყო, ანუ ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, მაშინ ბატონი ბიძინა აღარ იქნებოდა ოლიგარქი? შეხვედრის ხანგრძლივობაც მიანიშნებს იმას, რომ ეს შეხვედრა და მისი შინაარსი, საუბარი არ იყო მარტივი. ესაც, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ იყო იმდროისათვის ქვეყნის მთავარ საკითხზე საუბარი, რომელიც ახლაც აქტუალური რჩება, როგორც ბატონი ბიძინა გვეუბნება და ჩვენც პროცესები მიგვანიშნებს, რომ ომის საფრთხეები შემცირებულია, მაგრამ ბოლომდე არ არის ამოწურული", — ამბობს ის.

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წერს, რომ ივანიშვილის ყველა ნაბიჯს ერთი მიზანი აქვს, მისთვის მთავარია, თავად იყოს კარგად.

"პირადი ფინანსების და უსაფრთხოების გადარჩენა ქვეყნის აწმყოთი და მომავლით ვაჭრობის ხარჯზე. ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაგდება რუსეთის არგაღიზიანებისთვის.
გარეჯის საკითხით სპეკულირება არჩევნების მოგებისთვის. "დასავლეთი ომში გვითრევს" — მდარე სპექტაკლის გათამაშება. მის ყველა ნაბიჯს ერთი მიზანი აქვს, მთავარია თავად იყოს კარგად, ქვეყანა, ხალხი და მისი მომავალი შეუძლია გაწიროს", — ამბობს ის.