გასული 9 კვირის განმავლობაში, გიამბეთ USAID-ის ინიციატივით განხორციელებული კამპანიის შესახებ — სამოქალაქო განათლება მნიშვნელოვანია, მთავარი გზავნილით #ისწავლერომშეცვალო. მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ განხორციელებული აქტივობები:

რუსთავის, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის 20 სკოლის ტერიტორიაზე გამოჩნდა სტენსილები სამოქალაქო განათლების შესახებ გზავნილებით:

  • სამოქალაქო განათლება მნიშვნელოვანია;
  • კედელზე ჩხაპნით კვალს ვერ დატოვებ;
  • აზრები თამამად გამოხატე, სხვისას — პატივი ეცი;
  • ჩართულობა დემოკრატიის შენარჩუნების მთავარი გზაა;
  • არ გაჩუმდე უსამართლობისას;
  • Ჩაგვრა სისუსტეა;
  • #ისწავლერომშეცვალო

ფოტო: USAID

სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა იდეების კონკურსი სამოქალაქო განათლების თემატიკაზე. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ორიგინალური იდეები, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება და გახალისება. მიღებული 300-ზე მეტი განაცხადიდან შეირჩა 10 საუკეთესო და გამოვლინდა 3 გამარჯვებული მოსწავლე/მოსწავლეთა ჯგუფი. გამარჯვებულ მონაწილეებს უმასპინძლა ამერიკის საელჩომ და USAID-ის ოფისმა, სადაც მათ გადაეცათ პრიზები — ბიბლუსის 1 000 ლარიანი ვაუჩერები და სერტიფიკატები. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს საელჩო და მიიღეს ინფორმაცია ახალგაზრდებისთვის მიმდინარე პროექტების შესახებ. საუკეთესო 10 იდეის ავტორს (მათ სკოლებს) გადაეცემათ კამპანიის ფარგლებში შექმნილი სამაგიდო თამაში "მოქალაქეობანა".

ფოტო: USAID

სამაგიდო თამაში "მოქალაქეობანა" გათვლილია მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის და მოზარდების პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას ემსახურება. "მოქალაქეობანა" 300 ეგზემპლარად დაიბეჭდება და 100 სკოლას დაურიგდება მთელი საქართველოს მასშტაბით. თამაშის შემქმნელების თქმით, "მოქალაქეობანა" გარდა იმისა, რომ სამაგიდო თამაშის ფუნქციას ასრულებს, არის, როგორც გასართობი, ასევე, საყრდენი, რაზეც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კონკრეტულ ცოდნას დააშენებს და მოსწავლეებს ბაზისური უნარების გამომუშავებაში დაეხმარება.

ფოტო: USAID

ამასთანავე, სკოლის მოსწავლეებისთვის მზადდება დემოკრატიის პრინციპების შესახებ 8 ანიმაციური სერია, რომლის ჩვენებაც შესაძლებელი იქნება საგაკვეთილო პროცესში და ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესი გახდეს მარტივად აღქმადი და საინტერესო. ანიმაციური რგოლების შექმნა ემსახურება სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის წინ წამოწევას, ცნობიერების ამაღლებასა და მოსწავლეების წახალისებას ჩაერთონ სამოქალაქო ცხოვრებაში. ანიმაციური სერიები მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: მედიაწიგნიერება, არჩევნები, ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, გამჭირვალობა, ჩაგვრა, მოქალაქეთა ჩართულობა და ხელისუფლების კონტროლი. ანიმაცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს გააცნობიერონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი დემოკრატიულ პროცესში.

ფოტო: USAID

კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების გაძლიერებას ახალგაზრდებში, რაც თავის მხრივ, წაახალისებს პასუხისმგებელიან მმართველობასა და სამოქალაქო ჩართულობას. Სწორედ ამიტომ, USAID ცდილობს, კამპანიის მთავარი გზავნილის ფართოდ გავრცელებას და ახალგაზრდებისთვის იმის სწავლებას, თუ როგორ უნდა იყვნენ თავიანთი თემის ძლიერი და აქტიური წევრები და როგორ შეიძლება გახდეს სამოქალაქო განათლება გახდეს უფრო მეტად სახალისო და საინტერესო.