აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში განთავსებული სომხეთის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა გაანადგურა. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

AP-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან შეტევას უკვე გამოეხმაურა მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება და განაცხადა, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ის უპასუხოდ არ დარჩება.

ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე — რა ხდება ყარაბაღში.

მთიან ყარაბაღში ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. ყარაბაღი მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. მიუხედავად ცალკეული სასტიკი ინციდენტებისა, ორი ეთნიკური ჯგუფი ერთმანეთთან მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ცხოვრობდა. პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, 1920-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა ხელისუფლებამ აქაც გამოიყენა რეგიონში აპრობირებული, ე.წ. დაყავი და იბატონეს პრინციპი და ეთნიკურად სომეხი უმრავლესობით დასახლებული მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შეიყვანა როგორც ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა.

ეთნიკურად სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირებამ პიკს 1988 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე მიაღწია. ადგილობრივმა პარლამენტმა გამოაცხადა, რომ ყარაბაღი სომხეთს უერთდებოდა, რასაც სამხედრო დაპირისპირება მოყვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, ყარაბაღმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. აქტიური საომარი მოქმედებები 1994 წლამდე გაგრძელდა, რასაც დაახლოებით 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 1 მილიონი ეთნიკურად აზერბაიჯანელი კი დევნილად იქცა.

1994 წელს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად ამისა, მცირე შეტაკებები მას შემდეგ რეგულარულად ხდებოდა. ამჟამად მთიან ყარაბაღს ეთნიკურად სომხები აკონტროლებენ, რომელთაც ზურგს სომხეთი უმაგრებს. გარდა ამისა, მათ ოკუპირებული აქვთ აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი, ე.წ. ბუფერული ზონა, რითაც მთიანი ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება. საერთაშორისო საზოგადოება მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს.