დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს, სუს-მა კი დღეს დაადასტურა. უწყების განცხადებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს ან უკანონოდ აპატიმრებს.

  • ჯაშუშობის ბრალდება სისხლის სამართლის საქმეა და შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯონ.
  • ოკუპირებულ რეგიონებში ციხეებში ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები.

დეტალები: საოკუპაციო რეჟიმმა გაავრცელა დაკავების კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ჩხრეკენ ქალის პირად ნივთებს, პირადობის და ქორწინების მოწმობას, ბანკის პლასტიკურ ბარათებეს და წერილებს, რომლებშიც ძირითადად პირადი შინაარსის კომუნიკაციაა.

  • არის კიდევ ერთი ნახევრად დამწვარი წერილის კადრი, რომელშიც გაუმართავი ქართულით ჯაშუშობასთან დაკავშირებული ფრაზები წერია, თუმცა მისი შინაარსი აჩენს ეჭვს, რომ გაყალბებულია.
  • დე ფაქტო უწყება ამბობს, რომ ის გალის მკვიდრია, რომელიც "სახელმწიფო და სამხედრო" ინფორმაციას აგროვებდა და საქართველოს სპეცსამსახურებს გადასცემდა.
  • სუს-ის განცხადებით, გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

ფოტო: კადრი ვიდეოდან