ქართული ოცნების დეპუტატმა On.ge-ის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ პოზიცია ფეისბუქგვერდზე დააფიქსირა. პოსტი ვნახეთ, თუმცა იქ წილოსანი არა კობახიძის საქციელს, არამედ ჟურნალისტის კითხვას აკრიტიკებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: წილოსანი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარეა.

  • სწორედ ამიტომ იყო საინტერესო მისი პოზიცია მისივე პარტიის თავმჯდომარის გამოყენებულ დისკრიმინაციულ ლექსიკაზე.

დეტალები: On.ge-მ წილოსანს ჰკითხა, როგორც საბჭოს წევრი გამოეხმაურებოდა თუ არა ამ ამბავს და მიაჩნდა თუ არა, რომ ეს იყო სექსისტური ენა.

  • მან ფეისბუქგვერდზე გადაგვამისამართა, სადაც ეს ტექსტი დაგვხვდა: "როცა ყველანაირ წითელ ხაზს ლახავენ და შენთვის ყველაზე ძვირფასს, შენს მშობელს, შეურაცხყოფას აყენებენ და მოღალატეობას აბრალებენ, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის — ჩვენს ოჯახებს თავი დაანებეთ!!"
  • On.ge-მ განუმარტა დეპუტატს, რომ პოსტში კობახიძის საქციელის შეფასება არ ჩანდა და გაუმეორა, რომ მისი, როგორც საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია აინტერესებდა სექსისტური ენის გამოყენებაზე.
  • პასუხად წილოსანმა გვითხრა —"მგონი, გასაგებად მოგწერეთ ჩემი პოზიცია" — და დამატებით კითხვაზე აღარ გვიპასუხა.

კობახიძე გუშინ მთავარი არხის ჟურნალისტს თავს დაესხა — მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენელს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა და მისი დამცირება ზიზღის ენით სცადა.

  • მან ჟურნალისტს უთხრა, რომ "პირი მოიწმინდოს", რადგან ყველაფრით დაემსგავსა "ბელადს", რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იგულისხმა.
  • ასევე, გამოიყენა სექსისტური ენა და თქვა: "ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე".
  • მისი გამართლების მცდელობისას ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა მდინარაძემაც, შემდეგ კი ორივემ ეს რიტორიკა ფეისბუქზე გააგრძელა.
  • ტრადიციულად, ქართული ოცნების სხვა წევრებმაც გაკრიტიკების ნაცვლად, დაიცვეს კობახიძე და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მთავარი არხის ჟურნალისტზე ხელისუფლების აგრესიას და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.

  • ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კატეგორიულად დაგმო "კობახიძის უკადრისი საქციელი". მისი თქმით, ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ქვეყანას, კულტურას, ტრადიციებს და ზრდილობას.

  • "ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად — ზრდილობა!" ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!"