ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ დღეს ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ჟურნალისტის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები, მათ შორის, სექსისტური ენა გამოიყენა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კობახიძე მთავარი არხის ჟურნალისტს თავს დაესხა — მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენელს დისკრიმინაციული მოტივით პირადი შეურაცხყოფა მიაყენა და მისი დამცირება ზიზღის ენით სცადა.

  • ის ჟურნალისტს ეუბნება, რომ "პირი მოიწმინდოს", რადგან ყველაფრით დაემსგავსა მის "ბელადს", რომელშიც მიხეილ სააკაშვილს გულისხმობს;
  • კობახიძე აქ არ გაჩერებულა და ჟურნალისტს, რომელიც მას დავით არახამიას შესახებ კითხვას უსვამდა, უთხრა, რომ "პოლიტიკის გამო სახე დაკარგა".

დეტალები: ქარტია მიუთითებს, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისას მედიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც.

  • "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება";
  • "ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა განაპირობებს".

ქარტიის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.

  • "ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება".

კობახიძეს მხარს უჭერს გივი მიქანაძეც, რომელიც მსგავსი აგრესიული საქციელის ფონზე მას აქებს, პატრიოტს და გამორჩეულ ლიდერს უწოდებს და ამაყობს კიდეც მისი ხელმძღვანელობით.

  • მიქანაძე კობახიძის გამართლების მცდელობაც აქვს და ისეთ ნარატივს ატარებს, რომ ჟურნალისტი დამნაშავედ გამოიყვანოს, თითქოს არსებობს კითხვები, რომელიც მედიამ არ უნდა დასვას, რომ მმართველ გუნდში არ გაღიზიანდნენ.

კობახიძის ნათქვამი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ამას "უკადრისი საქციელი" უწოდა.

  • "ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას";
  • "ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად — ზრდილობა!" ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს".