7 დეპუტატი ბიჭვინთის საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს წერილით მიმართავს.

რატომ არის მნისვნელოვანი: დე ფაქტო მთავრობა ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას აპირებს. ამ "შეთანხმებით" საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიის ნაწილი რუსეთს გადაეცემა, რაც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს.

  • ამასთან, ბიჭვინთის მოსახლეობა შეშფოთებულია ფაქტით, თუმცა ე.წ. პრემიერმინისტრი გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ "შეთანხმება აფხაზეთის ინტერესებს აკმაყოფილებს".
  • ბჟანიას ბიჭვინთაზე დაწყებული კამათის გამო ერთ-ერთი შეხვედრის დატოვებაც მოუწია.

დეტალები: წერილს ხელს აწერენ ლევან იოსელიანი, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, თამარ კორძაია, ალეკო ელისაშვილი, ხათუნა სამნიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი.

  • დეპუტატების თქმით, ე.წ. შეთანხმების პროექტით ბიჭვინთის 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის, ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.
  • მათივე განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ, აფხაზეთში ფაქტობრივი ანექსია გასულ წელსაც განახორციელა, როდესაც გაგრის რაიონის სოფელი აიბღა, კრასნოდარის ოლქს მიუერთა.

დეპუტატები საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავენ და მიუღებელს უწოდებენ უწყების დუმილს ბიჭვინთის საკითხთან დაკავშირებით.

  • "საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალო ვალდებულებას წარმოადგენს, ოფიციალური განცხადების გაკეთება, რომელიც ე.წ ხელშეკრულებას ცალსახა ანექსიად შეაფასებს".
  • "საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადების გაკეთება, პირდაპირი კავშირშია სახელმწიფოს დეოკუპაციის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესთან და საპარლამენტო რეზოლუციასთან მიმართებაში, ისევე, როგორც მოწოდება და მუშაობა დასავლელ პარტნიორ ქვეყნებთან".