ბრიტანელი მოდელი ქეით მოსი BBC-ის რადიო გადაცემაში იყო სტუმრად, სადაც ისაუბრა, რატომ გადაწყვიტა ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემა. მოსი სასამართლოზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც ჰერდმა განაცხადა, რომ სადღაც მოისმინა, როგორ ჰკრა ჯონი დეპმა 90-იანებში მოდელს ხელი და კიბიდან დააგორა. მოსმა, რომელიც დეპის ყოფილი პარტნიორია და არცთუ ხშირად აძლევს მედიას ინტერვიუს, პროცესზე აღნიშნა, რომ მსახიობს იგი კიბიდან არასდროს დაუგორებია.

"სიმართლის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მწამს", — განაცხადა მოდელმა.

ამის შემდეგ მან მოდის დიზაინერ ჯონ გალიანოსთან დაკავშირებული შემთხვევა გაიხსენა, როცა იგი 2010 წელს ანტისემიტური მოტივით ჩაგვრაში დამნაშავედ ცნეს. როგორც ცნობილია, მაშინ დიზაინერი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

"ვიცი, რომ ჯონ გალიანო ცუდი პიროვნება არაა, ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ხალხმა ზურგი აქცია", — განაგრძო მოსმა, — "ადამიანები იცვლებიან, როცა სვამენ და ამბობენ იმას, რასაც ფხიზელ მდგომარეობაში არასდროს იტყოდნენ".

"ჯონიზე სიმართლე ვიცი. ვიცი, რომ მას კიბიდან არასდროს დავუგორებივარ. ეს სიმართლე უნდა მეთქვა", — დასძენს მოდელი.

მოსი და დეპი ერთმანეთს 1994 წელს, ნიუ-იორკში შეხვდნენ. სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ ისინი დაშორდნენ, თუმცა, 1998 წელს, მცირე ხნით, ურთიერთობა განაახლეს და კანის კინოფესტივალზეც კი გამოჩნდნენ ერთად.

წლების შემდეგ, 2015-ში, მსახიობი ამბერ ჰერდზე დაქორწინდა. წყვილი 2016 წელს, ფიზიკური ძალადობის ბრალდებებისა და შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ დაშორდა. დეპმა ბრალდებები უარყო. როცა ბრიტანულმა ტაბლოიდმა კინოვარსკვლავი "ცოლზე მოძალადედ" მოიხსენია, ამ უკანასკნელმა გამოცემას უჩივლა, თუმცა, სასამართლო წააგო. ამის შემდეგ მსახიობს არაერთი პროექტის დატოვება მოუწია.

2019 წელს დეპმა ასევე წამოიწყო სასამართლო დავა ჰერდის წინააღმდეგ. ჯონის თქმით, ყოფილმა ცოლმა ცილისწამებით რეპუტაცია შეულახა, რის გამოც არაერთი როლი დაკარგა. ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, სასამართლო მოსმენები 2022 წლის აპრილში დაიწყო და რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა. საბოლოოდ, დეპმა საქმე მოიგო. სასამართლომ ჯონი დეპისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ამბერ ჰერდს $15 მილიონის გადახდა დააკისრა, ხოლო ჯონი დეპს ამბერ ჰერდისთვის ზარალის ასანაზღაურებლად კი $2 მილიონის გადახდა დაევალა.

აღსანიშნავია, რომ ჰერდმა სასამართლოს გადაწყვეტილებას "უკან გადადგმული ნაბიჯი" უწოდა და ის ცოტა ხნის წინ გაასაჩივრა კიდეც.