ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ასეთი 3 კომპანია დაასახელა — ვისოლ ჯგუფი, არაგვი იმპექსი და ლუკოილი. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხაბეიშვილის თქმით, ინფორმაცია აქვთ კიდევ 10 კომპანიაზე, რომელსაც საქართველოში სანქცირებული ნავთობი შემოაქვს.

  • "უკრაინაში გენოციდის დაწყების პირველი დღიდან დღემდე, 124 მილიონი დოლარის რუსული ნავთობი შემოიტანა საქართველოს ხელისუფლებამ და ოპერატორებმა".

დეტალები: ხაბეიშვილი მოუწოდებს კომპანიის მფლობელებს, გამოვიდნენ და თქვან, რომ შეწყვეტენ სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანას საქართველოში. ამბობს იმასაც, რომ ამ კომპანიების ხელმძღვანელებს მჭიდრო კავშირი აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან.

  • "პირველი, ვისოლ ჯგუფი, ვგულისხმობ სოსო ფხაკაძეს, ქართული ოცნების და ივანიშვილის კარზე ლაქია ბიზნესმენს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ თაღლითური გზებით შემოიტანოს საქართველოში რუსული ე.წ იაფი ნავთობი, რომელსაც შემდეგ ძვირად ყიდის საქართველოს მოქალაქეებზე";
  • "მეორე, არაგვი იმპექსი, სრულიად უცნობი კომპანია, იმიტომ რომ დაფუძნდა მარტში და ამის შემდეგ ეზიდება საქართველოში სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს";
  • "მესამე, ცხადია, ლუკოილი, რომელიც სხვადასხვა თაღლითური გზებით დაატარებს საქართველოში სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს".

დავითაშვილის თქმით, საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ამ კუთხით არც ერთი შენიშვნა არ არსებობს. აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები, მათ შორის, ამ ნავთობთან დაკავშირებით შეთანხმებულია, შეჯერებულია და გავლილია სტრატეგიულ პარტნიორებთან.

  • აღნიშნავს, რომ კონკრეტულად ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობის მსგავსს ყიდულობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა.
  • "საქართველოშიც გადაწყვეტილებები მიიღება კერძო კომერციული კომპანიების მხრიდან, ზუსტად იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს".
  • "რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, ამ კუთხითაც, საქართველოში საბაჟო სტრუქტურებს ჰქონდათ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონკრეტული მუშაობა".