ინდოეთის საიუველირო კომპანიის ახალმა ბრილიანტის ბეჭედმა გინესის რეკორდი დაამყარა. ბეჭედი, რომელსაც გარეგნულად სოკოს ფორმა აქვს, 24 679 ბრილიანტით არის მორთული, რაც რეკორდული რაოდენობა აღმოჩნდა.

გინესის ახალი რეკორდსმენი ბეჭედი ხამანწკასმაგვარი ვარდისფერი სოკოს მიხედვით შექმნეს. "სოკო უკვდავებისა და მრავალწლიანი სიცოცხლის სიმბოლოა", — ამბობს ინდური საიუველირო კომპანიის, SWA Diamonds-ის მმართველი დირექტორი ბეჭდის შესახებ.

ბეჭდის სტრუქტურა სოკოს მსგავსი 41 მოოქრული "ფურცლისგან" შედგება, თითოეული მათგანი კი ბრილიანტებით არის მორთული. ბეჭედი 340 გრამს იწონის და მისი ღირებულება 95 243 დოლარია. გინესის რეკორდსმენის ტიტული ბეჭედს 5 მაისს მიენიჭა.

ფოტო: Pinterest

აღსანიშნავია, რომ ბეჭედზე ბრილიანტების რაოდენობით SWA Diamonds-მა წინა რეკორდსმენს თითქმის 2-ჯერ მეტი ბრილიანტით აჯობა. ბეჭედი, რომელმაც 2020 წელს იგივე კატეგორიაში გინესის რეკორდი მოიპოვა, 12 638 ბრილიანტით იყო მორთული.