დაბომბვაზე ინფორმაცია ადგილობრივ მედიებში გავრცელდა და უწყებებმა დაადასტურეს. კადრებში ჩანს კვამლი და ხანძარი, რომელიც პორტში გაჩნდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთმა მერე დღესვე დაარღვია უკრაინის, თურქეთისა და გაეროსთვის მიცემული პირობა, რომ უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხოდ გადატანა შესაძლებელი იქნებოდა.

  • დოკუმენტში, რომელსაც 4-მა მხარემ მოაწერა ხელი ხაზგასმული იყო, რომ არც ერთი სამხედრო ხომალდი, თვითმფრინავი, უპილოტო საფრენი აპარატი არ შეიძლება მიუახლოვდეს საზღვაო ჰუმანიტარულ დერეფანს შეთანხმებულ მანძილზე უფრო ახლოს.

დეტალები: აგრარული პოლიტიკის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის თავდასხმის დროს ოდესის პორტში მარცვლეულის გასაგზავნად ემზადებოდნენ.

  • საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა განაცხადა, რომ რუსებმა ზუსტად იქ დაარტყეს, სადაც მარცვალი იყო.
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა,რომ ეს არის რუსული დიპლომატიური დიქოტომია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმა ოდესის პორტზე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შეთანხმებას.

  • უწყების პრესსპიკერმა მოუწოდა გაერო-ს და თურქეთს, უზრუნველყონ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
  • "რუსული რაკეტა არის ვლადიმერ პუტინის ფურთხი გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიმართ, რომლებმაც დიდი ძალისხმევა ჩადეს შეთანხმების მისაღწევად და რისთვისაც უკრაინა მადლიერია".
  • "თუ მიღწეული შეთანხმებები არ შესრულდება, რუსეთი ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე".

შეთანხმებას 22 ივლისს რუსმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა დოლმაბაჰჩეს სასახლეში მოაწერეს ხელი, თუმცა ისე, რომ ერთ მაგიდასთან ყოფნა აირიდეს.

  • დოუმენტს ჯერ თურქეთის, გაეროს და უკრაინის წარმომადგენლებმა, კერძოდ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა მოაწერეს ხელი;
  • შემდეგ თურქეთის, გაეროს და რუსეთის წარმომადგენელმა — თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

დოკუმენტის მიხედვით, სტამბულში, გაეროს ეგიდით, შეიქმნება ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი (JCC), რომელშიც შევლენ ხსენებული მხარეები და უზრუნველყოფენ ინიციატივის შესრულების ზოგად ზედამხედველობას.

  • ამ ინიციატივაში მონაწილე ყველა სავაჭრო გემი ექვემდებარება ინსპექტირებას თურქეთის მიერ დანიშნულ ნავსადგურებში, თურქეთის სრუტის შესასვლელ/გასასვლელში.
  • ხოლო უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ყველა აქტივობა უკრაინის უფლებამოსილებით განხორციელდება.
  • შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნის პორტების კონტროლი მთლიანად უკრაინულ მხარეს რჩება.
  • ხელშეკრულება ძალაში იქნება ხელმოწერიდან 120 დღის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება, თუ არცერთი მხარე არ მიუთითებს, რომ სურს მისი შეწყვეტა.

არქივიდან: მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე რუსეთი თავიდანე ულტიმატუმით საუბრობდა.

  • მაგალითად, რამდენიმე დღის წინ პუტინმა განაცხადა, რომ საკითხი იმგვარად იყო შეფუთული, რომ პარალელურად მოიხსნებოდა ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით გადატანაზეა დაწესებული.
  • თუმცა, უკრაინსკა პრავდა წერს, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას და ასევე არა ერთი რუსული ხომალდი არ უნდა გაყვეს უკრაინულ გემებს.