იანვრიდან მოყოლებული ფლორიდაში ლისტერიას გავრცელებას მინიმუმ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწერია და 22 ჰოსპიტალიზებულია.

ადამიაინი ლისტერიას ბაქტერიით, ანუ ლისტერიოზით, ავადდება, როდესაც მიირთმევს ჭუჭყიან, ნიადაგით დაბინძურებულ საკვებს, უმ ხორცს ან ნედლ თუ არაპასტერიზებულ რძის პროდუქტს. ლისტერიას შეუძლია, გამოიწვიოს კრუნჩხვები, კომა, ორსულ ქალებში მუცლის მოშლა და თანდაყოლილი დეფექტები. ეს არის ამერიკაში საკვებით მოწამვლის ნომერ მესამე მიზეზი.

საკვების შეძენის დროს მათი ვადის შემოწმების მთავარი მიზანი ზუსტად საკვებით მოწამვლის თავიდან არიდებაა. ზედ დაბეჭდილ თარიღს ხშირად თან ახლავს მსგავსი ფრაზები: "უკეთესია, თუ გამოიყენებთ ამ ვადამდე", "გამოიყენეთ ამ დრომდე" და სხვა.

ხალხი ფიქრობს, რომ ეს თარიღი არის ვადის გასვლის, ანუ საკვების ნაგავში გადაყრის, თარიღი. მაგრამ რეალურად ამ თარიღებს საკვების ვადასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, აცხადებს ჯილ რობერტსი, მიკრობიოლოგი და საჯარო ჯანდაცვის მკვლევარი.

საკვების ვადის დადგენისადმი მეტად მეცნიერული მიდგომა გაცილებით გაუმარტივებს ადამიანებს იმის დადგენას, თუ რომელი საკვებია უსაფრთხო და რომელი — ვადაგასული.

ფოტო: eMedicineHelath

ძვირადღირებული დაბნეულობა

ამერიკის აგრარულ საკითხთა სახელმწიფო დეპარტამენტის (USDA) განცხადებით, 2020 წელს საშუალო ამერიკულმა ოჯახმა საკვებზე საკუთარი შემოსავლის 12% დახარჯა. ბევრ საკვებს, მიუხედავად იმისა, საკვებად გამოსადეგია თუ არა, ისინი ნაგავში ყრიან.

USDA-ის ეკონომიკური კვლევის ცენტრის მიხედვით, ხელმისაწვდომი საკვების 31% არაა მოხმარებული. ისტორიულად, საკვებზე მაღალი ფასი ნარჩენების პრობლემას ძალიან ზრდის.

დღეს ამდენი ნარჩენის წარმოქმნაში ნაწილობრივ საკვებისთვის ვადების მინიჭების თანამედროვე სისტემაც უნდა დავანადანაშაულოთ. FDA-ის მიხედვით, პროდუქტის ვადის ირგვლივ მომხმარებელთა დაბნეულობა არის სახლში წარმოქნილი ნარჩენი საკვების 20%-ის მიზეზი, რაც წლიურად მთელ აშშ-ში 161 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ლოგიკურია, იფიქროთ, რომ ვინაიდან პროდუქტზე არის თარიღი მითითებული, ესე იგი, ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარეა, რადგან ამერიკის ფედერალური მთავრობა მუდმივად აკონტროლებს, რომ, მაგალითად, საკვების ინგრედიენტები სრულად იყოს დატანილი პროდუქტზე.

1938 წელს მიღებული აქტით საკვების, წამლებისა და კოსმეტიკური საშუალებების შესახებ, რომელიც დღემდე განიცდის ცვლილებას, მოთხოვნილია, რომ ყველა პროდუქტზე იყოს დატანილი ინფორმაცია შემადგენელ კომპონენტებზე, მათ შორის, შაქრის, მარილისა და ცხიმის მოცულობაზე.

მაგრამ თარიღები, რომლებიც საკვებზე დააქვთ, არ კონტრლოდება საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ. ამას საკვების მწარმოებლები აკეთებენ და ისინი შეიძლება, სულაც არ ეფუძნებოდნენ საკვების უვნებლობის მეცნიერებას.

მაგალითად, მწარმოებელმა საკუთარ მომხმარებელში შეიძლება ჩაატაროს გამოკითხვა, რათა ვადის თარიღი დაადგინოს, რომელიც ხშირად გამოშვებიდან 6 თვეა, რადგან ფოკუს ჯგუფის 60%-ს ამ ვადის გასვლის შემდეგ არ მოსწონდა გემო. იმავე საკვების პატარა მწარმოებლები, დიდი ალბათობით, აღარ ჩაატარებენ იმავე გამოკითხვებს და უბრალოდ გადაიღებენ თარიღს.

მეტი ინტერპრეტაცია

ერთი ინდუსტრიული ჯგუფი საკუთარ პროდუქციას ნიშნავს "უკეთესია გამოიყენოთ ამ დრომდე" და ამით საკვების უსაფრთხოდ გამოყენების პერიოდს უსვამს ხაზს, ხოლო "გამოიყენეთ ამ დრომდეს" დატანით კი მიანიშნებენ იმ თარიღზე, რომლის შემდეგაც საკვების მიღება აღარაა უსაფრთხო.

როგორც შეამჩნიეთ, დიდი განსხვავება ამ ნიუანსურ ნიშნებს შორის არაა, ამიტომ მათი გამოყენებაც ნებაყოფლობითია. თუმცა ამ ნიუანსის მიზანიც არის ნარჩენების მაქსიმალურად შემცირება, მაგრამ აქვს თუ არა მსგავს მიდგომას რამე ზეგავლენა, ჯერ უცნობია.

ერთობლივი კვლევა, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ეროვნული რესურსების თავდაცვის საბჭოს მიერ ჩატარდა, მოუწოდებს მწარმოებლებს, რომ პროდუქტებზე დატანილი თარიღები ამოიღონ. კვლევაში აღნიშნული მოთხოვნის მიზეზად მომხმარებელთა დაბნეულობა და ნარჩენები სახელდება.

სანაცვლოდ, მკვლევრები მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს სთავაზობენ, გამოიყენონ "წარმოებისა" და "შეფუთვის" თარიღები, ხოლო სუპერმარკეტებს კი — "იყიდება ამ დრომდე" ნიშნების გამოყენებას ურჩევენ. მსგავსი თარიღები გამყიდველებს მიუთითებს, თუ რა დრომდე იქნება ესა თუ ის პროდუქცია მაღალი ხარისხის.

აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) ზოგიერთ პროდუქტს, რომელსაც მიკრობთა გამრავლებისთვის ხელშემწყობი მახასიათებლები აქვს (მაგალითად, სითხე ან ნუტრიენტების სიმრავლე, რომლითაც მიკრობებს კვება შეუძლიათ) "პოტენციურად მავნე პროდუქტებად" მიიჩნევს.

ასეთ საკვებში შედის: ქათამი, რძე და დაჭრილი პომიდორი — ყველა მათგანი საკვების სერიოზულ მოწამვლებთანაა დაკავშირებული. მაგრამ დღეს არანაირი განსხვავებაა არაა იმ პრინციპში, რომლითაც ხდება ამ და სხვა, მეტად მდგრადი, საკვების ვადების დადგენა.

სამეცნიერო ფორმულა

ჩვილის საკვები ამერიკაში ერთადერთი პროდუქტია, რომელზე დატანილი ვადაც, ერთი მხრივ, კონტროლდება მთავრობის მიერ და, მეორე მხრივ, სამეცნიეროდაა დადგენილი. ამას გარდა, მუდმივად ხდება დაბინძურებებზე მისი ლაბორატორიული შემოწმება.

ფოტო: State of Delaware News

ჩვილების საკვები ასევე ნუტრიენტების (საკვები ღირებულების მქონე ნივთიერებების) ტესტსაც გადის, რათა დადგინდეს რამდენი ხანი გრძელდება ნუტრიენტების — განსაკუთრებით, ცილების — დაშლა. ჩვილებში საკვების უკმარისობის აღსაკვეთად მათ საკვებზე დატანილი ვადა აღნიშნავს თარიღს, რომლის შემდეგაც პროდუქტი აღარ შეიცავს კვებით ღირებულებას, არ არის მარგებელი.

საკვებში ნუტრიენტების გაზომვა შედარებით მარტივია. FDA ამერიკაში ამას რეგულარულად აკეთებს და მკაცრად აფრთხილებს იმ მწარმოებლებს, რომელთა პროდუქტზე დატანილი მონაცემები მათსას არ დაემთხვა.

მიკრობთა კვლევა საკვების ვადის განსაზღვრის კიდევ ერთი მეთოდია. ლაბორატორიაში იღებენ მალფუჭებად პროდუქტს და აკვირდებიან, დროის გარკვეულ მონაკვეთში რამდენი ბაქტერია გამრავლდა მასში. ან თვალს ადევნებენ, რამდენი დრო სჭირდება მიკრობს, მაგალითად, ლისტერიას, რომ ჯანმრთელობისთის საშიშ დონემდე (რაოდენობამდე) გაიზარდოს.

რომ შევაჯამოთ, საკვებზე ვარგისიანობის ვადების დატანა, იმ პრინციპით, რა პრინციპითაც ამას მსოფლიოს მასშტაბით (მათ შორის, ევროპაშიც) მწარმოებელთა დიდი ნაწილი აკეთებს, მეცნიერებისგან შორს დგას და მას ნაკლებად ეყრდნობა. ეს მიდგომა საკვების ჭარბ მოხმარებასა და მისი დიდი ნაწილის ნაგავში მოსროლასაც პროვოცირებს, დიდ დაბნეულობას იწვევს და რიგ შემთხვევებში, ჯანმრთელობისთვის საზიანოც ხდება. სანამ მეცნიერება ყველა ტიპის საკვების ვარგისიანობის დადგენაში ჩაერთვება, მანამდე პროდუქტზე დატანილ თარიღებთან ერთად მეტად სანდო იქნება, თუ საკუთარ გრძნობათა ორგანოებს — მხედველობას, ყნოსვას და შეხებას დავეყრდნობით, რათა ღინღლიანი პური, მწვანე ყველი და მყრალი სალათი არ მივირთვათ.