წასულები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება მათი მისამართით იყო გაკეთებული, "სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, მეტი სიცხადისთვის პირდაპირ გადმოეცათ სათქმელი".

რატომ არის მნიშვნელოვანი: მმართველი გუნდიდან გასული 3 დეპუტატი მთავარი სტრატგიული პარტნიორის წარმომადგენელთან წერილში პროპაგანდისტულ ნარატივებს ავითარებს და ისევ ომში ჩართვაზე საუბრობს.

  • განცხადებაში გამოყენებულია კრემლისტური რიტორიკა, გაღვივებულია ნიჰილიზმი დასავლური ინსტიტუტების მიმართ, ელჩი პოლიტიკურ მიკერძოებულობაშია დადანაშაულებული და ნაქებია ბიძინა ივანიშვილი.

ანტიდასავლური რიტორიკა: წასულები ამბობენ, რომ თუკი ახალი გეოპოლიტიკა ცვლის მსოფლიოს პოლიტიკურ იდეოლოგიას, მაშინ უნდა იცოდნენ, სად არის საქართველოს ადგილი ან რის ფასად ვიღებთ ახალ მოცემულობას და აქედან ისევ ომის შიშებზე ცდილობენ აპელირებას.

  • "თუკი ეს ფასი ომით უნდა გავიღოთ და ამით საქართველო სამსხვერპლოზე ავიტანოთ, მაშინ ეს რეალობა ჩვენთვის მიუღებელია. იმიტომ არა, რომ ქართველებს ომის გვეშინია და სამშობლოსთვის თავგანწირვა არ ვიცით, არამედ იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ ამ გზის პერსპექტივას".
  • უკვე რამდენიმე თვეა მმართველი გუნდი და მათთან დაკავშირებული პირები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ევროინტგრაციისთვის აუცილებელია სისხლის დაღვრა, რაც სიცრუეა და პროპაგანდისტული ნარატივია.

დეტალები: ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარება ქვეყანას ტერიტორიების მშვიდობიანი გზებით დასაბრუნებლად ჭირდება და სწორედ ამის გარანტად ავირჩიეთ ნატოც და ევროკავშირიც.

  • დეპუტატები ამბობენ, თითქოს ეს "ჯერჯერობით უშედეგოა" და არაფერს ამბობენ იმაზე, ამ ორგანიზაციებში ინტეგრაციის გზაზე რამდენი დახმარება მიიღო ქვეყანამ.
  • "მრავალწლიანმა ხანგრძლივმა მოლოდინებმა, გარკვეულწილად, იმედგაცრუება გამოიწვია ქართველ ხალხში დასავლური პოლიტიკის მიმართ, რაც საფრთხის შემცველია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ თავად დასავლეთისთვისაც".
  • "ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებულმა უსამართლო გადაწყვეტილებამ გააღიზიანა ქართველი ხალხი".

კანდიდატის სტატუსი: წასულები იმეორებენ სახელისუფლებო ნარატივს, თითქოს უკრაინამ სტატუსი მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ ომშია ჩართული და გასაგებია, "რატომ დაიჩაგრა საქართველო".

  • სტატუსის არმონიჭებას ისინი დასავლეთის მხრიდან უხეშ პოლიტიკური შეცდომას უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ამან გააღრმავა პოლარიზაცია ქვეყანაში და გააჩინა უსამართლობის განცდა.

რატომ საუბრობენ გამუდმებით ომზე: დეპუტატები ამ კითხვას თავადე სვამენ და პასუხის გაცემისას ამტკიცებენ, თითქოს არა ისინი, არამედ ოპონენტები ლაპარაკობენ.

  • "უფრო მეტიც, მათ დაიწყეს ქვეყანაში ომის პროპაგანდა და სამწუხაროდ, ამ რიტორიკას არ გაემიჯნა თქვენი სახელმწიფოს ელჩი საქართველოში. მსგავსმა რიტორიკამ გუშინაც გაიჟღერა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან".

კელი დეგნანზე საუბრისას ამტკიცებენ, თითქოს არ ახსოვთ არცერთი განცხადება, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოში ომის პროპაგანდისტების წინააღმდეგ და ელჩს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ.

  • "ალბათ მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ მათ საელჩოს საქართველოში ხალხი პოლიტიკურ მხარედ აღიქვამდეს. არადა, სამწუხაროდ, ასეა".
  • "განა აქვს გამართლება დიპლომატიური კორპუსის ასეთ პოლიტიზირებას? რამდენადაც ვიცით, ამერიკის საელჩომ უნდა იფუნქციონიროს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის".
  • "ეს არის "შერჩევითი დიპლომატია", რომ აღარაფერი ვთქვათ, დიპლომატიას ამოფარებულ "შერჩევით პოლიტიკაზე".
  • მსგავსი რიტორიკა ელჩის მიმართ აქვს ღიად კრემლისტურ ძალადობრივ დაჯგუფება ალტინფოსაც.

წასულები უარყოფენ, რომ დეგნანზე დეზინფორმაციას ავრელებდნენ და თავს ესხმოდნენ და ისრების გადასატანად ნიკა გვარამიას მიერ ელჩისადმი მიმართვას იხსენებენ.

  • "აი, ის იყო შეურაცხყოფა და თავდასხმა მასზე და არა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის მოთხოვნა. თუმცა, ვერც აქ და ვერც ამერიკიდან მსგავსი განცხადება ვერ მოვისმინეთ ვერც რეალურ თავდასხმაზე და ვერც საფუძვლიან კითხვებზე".

რატომ ბიძინა ივანიშვილი: ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ ეს კითხვაც თავად დასვეს და პასუხად თქვეს, რომ საკითხი მწავავეა დღეს და კიდევ უფრო მწვავე იქნება მომავალში, თუ დასავლელი მეგობრები არ ახსნიან, რა არის რეალური დემოკრატია.

  • ამას, ტრადიიციულად, ივანიშვილის ქება დიდება მოყვა:
  • "დღეს გამუდმებით გვესმის, რომ 30 წლის განმავლობაში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდნენ ჩვენს სამშობლოს და ამისთვის მათი მადლიერი უნდა ვიყოთ".
  • "დიახ, მადლიერი ვართ და არაერთხელ გვითქვამს მადლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ რატომ არ უნდა ვუთხრათ მადლობა იმ პიროვნებას, ვინც ასევე მნიშვნელოვანი ქველმოქმედება გაიღო საკუთარი ქვეყნისთვის?"

ქება-დიდება: მათვე აღნიშნეს, რომ ბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში და მუქარანარევი ტონით დაამატეს, რომ "მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ".

  • "ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ".
  • "აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაიღო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ახლა ჯერი ჩვენზეა!"

დასასრულს წასულების წერილი უფრო ანტიდასავლური ხდება, მეტიც შეიცავს კრემლის ნარატივებს, რომელსაც საქართველოში პრორუსული ჯგუფები ავრცელებენ.

  • ისინი ამბობენ, რომ აღარ სურთ ნატოს დახურულ კართან დგომა და საქართველო აღარ აპირებს "უშედეგო მსხვერპლის გაღებას".
  • "არ გვინდა ვიღებდეთ ევროპის საბჭოს ქრონიკულ დაპირებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მის დასავლურ სწრაფვას რეალური და ხელშესახები შედეგი მოჰყვეს".
  • "არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია კეთდებოდეს საელჩოებში, ხელოვნურად ხდებოდეს არჩეული ხელისუფლების ცვლილების წახალისება და სანქციების შემოღებით შეურაცხყოფდნენ ქართველი ხალხისთვის უზომოდ მოამაგე, უდიდეს ქველმოქმედს".