დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი სურათები ვიხილეთ. დღემდე ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე ფოტო გასაჯაროვდა, რომელიც მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის შესაძლებლობებში გვარწმუნებს, თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომია სხვა მონაცემებიც, რომელთა დამუშავებასაც მოყვარული მეცნიერები და ასტრონომები ცდილობენ.

ასევე, ნახეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპმა იუპიტერიც გადაიღო! — იხილეთ მზის სისტემის აირის გიგანტი მის ობიექტივში

ერთ-ერთი მათგანია ჯუდი შმიტი, რომელმაც ვების მონაცემები შთამბეჭდავ გამოსახულებებად აქცია. მათზე სპირალური გალაქტიკებია ნაჩვენები. პირველი გახლავთ NGC 628, მეორე კი NGC 7496-ის სახელითაა ცნობილი, თითოეული მათგანი, კოსმოსური მასშტაბების გათვალისწინებით, ირმის ნახტომთან საკმაოდ ახლოსაა და პროგრამა PHANGS-ის საკვლევ ობიექტებს შორისაა. მისი მიზანი ახალგაზრდა ვარსკვლავებისა და ცივი მოლეკულური აირის ღრუბლების (სადაც ისინი წარმოიქმნა) ურთიერთქმედების შესწავლაა, რაშიც სხვადასხვა ტელესკოპია ჩართული.

გალაქტიკა NGC 628.

ფოტო: Judy Schmidt/Flickr

PHANGS-ში საკუთარ წვლილს ჯეიმს ვების ტელესკოპიც შეიტანს. ზემოთ NGC 628-ს ვხედავთ. ის მოწესრიგებული სტრუქტურის მქონე გალაქტიკების რიცხვში შედის და კარგად ფორმირებული შვერილები აქვს, რომლებიც თვალნათლივ ჩანს. მისგან 32 მილიონი სინათლის წელი გვაშორებს, რაც სისტემის დეტალებზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს.

იგივე გალაქტიკა ჰაბლის ობიექტივში.

ფოტო: NASA/ESA/Hubble Heritage

წინა კვლევებმა ცხადყო, რომ NGC 628-ის ეს სპირალური "მკლავები" ვარსკვლავების წარმომქმნელი აირითაა მდიდარი და მრავალ ახალგაჩენილ ან დაბადების პროცესში მყოფ მნათობს აერთიანებს. მის ფარგლებში გამოვლენილია ზეახალის აფეთქებებიც, სულ მცირე სამი.

ასევე, ნახეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპმა, სავარაუდოდ, უძველესი გალაქტიკა დააფიქსირა

მეორე ფოტოზე NGC 7496-ა გამოსახული ბარიანი გალაქტიკა, რომელიც 24 მილიონი სინათლის წლის დისტანციაზე მდებარეობს. მისი ცენტრალური ნაწილიდან სპირალური მკლავებია გამოშვერილი. მსგავსი სტრუქტურის მიზეზი გალაქტიკური დისკოს არათანაბარი სიმკვრივეა.

გალაქტიკა NGC 7496.

ფოტო: Judy Schmidt/Flickr.

სადაც უფრო მკვრივი რეგიონია, იქ ბევრად მეტი ვარსკვლავია მოქცეული ისევე, როგორც მათი გაჩენისთვის საჭირო აირის ღრუბლები. შესაბამისად, ეს ობიექტი მნათობების ფორმირების შესასწავლად იდეალური კანდიდატია.

ვებისა და ჰაბლის ფოტოები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება, რადგან პირველი ინფრაწითელ სპექტრში იღებს და მოლეკულური ღრუბლების მიღმა არსებული ვარსკვლავიანი არეალის დანახვა შეუძლია, მეორე კი ოპტიკურ და ულტრაიისფერ სპექტრს აფიქსირებს, რომელიც, პირიქით, აირის გამოსახულებას გვაძლევს.

ჰაბლის მიერ გადაღებული NGC 7496.

ფოტო: ESA/Hubble & NASA

ვების ფოტოებში გაცილებით მეტ დეტალს ვხედავთ, მათ შორის გალაქტიკის ბირთვის შემთხვევაშიც, სადაც შავი ხვრელია განლაგებული. ჰაბლისთვის ეს არეალი კაშკაშა ნათების სახითაა წარმოდგენილი, რომელსაც გამოკვეთილი ფორმა არ აქვს.

ობსერვატორიის მონაცემებში კიდევ ბევრი ასეთი მარგალიტი იმალება. მას მეცნიერები ეტაპობრივად გააანალიზებენ და ახალ აღმოჩენებსა თუ ფოტოებს შემოგვთავაზებენ. ჯუდი შმიტის მიერ დამუშავებული მაღალი გარჩევადობის გამოსახულებების სანახავად, გადადით ბმულზე — https://www.flickr.com/photos/geckzilla/.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.