სამშაბათს (21 ივლისს) ოფიციალური პირების განცხადებით, ბოლო ათწლეულში პირველად აშშ-ში, როკლენდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადამიანს პოლიომიელიტის ვირუსი დაუდასტურდა.

ნიუ იორკის ჯანდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ინფიცირებულს აქვს პოლიომიელიტის შტამი სახელად "პოლიომიელიტის მეორე ტიპის რევერტანტი (მუტანტი, რომელმაც განიცადა რევერსია) ვირუსი Sabin". პოლიომიელიტის ველური სახეობებისგან განსხვავებით, ეს შტამი პოლიოს ცოცხალი (იგულისხმება, დამზადებულია არა მკვდარი, არამედ დასუსტებული ვირუსებისგან) ორალური ვაქცინიდან გაჩნდა, რომელიც აშშ-ში 2000 წლიდან აღარ გამოიყენება.

პოლიომიელიტის აღმოფხვრის გლობალური ინიციატივის (GPEI) მიხედვით, ამერიკასა და ბევრ სხვა ქვეყანაში შეწყვიტეს ორალური ვაქცინის გამოყენება, რადგან ის შეიცავდა ცოცხალ, მაგრამ დასუსტებულ პოლიოვირუსებს, რომლებიც ვაქცინირებული ადამიანების დეფეკაციის (კუჭში გასვლის) შემდეგ აგრძელებდნენ მის ექსკრემენტებში არსებობას. ეს კი ქმნიდა ვირუსის გავრცელების რისკს. იშვიათ შემთხვევებში ეს დასუსტებული ვირუსები ველური, აქტიური ვირუსებივით იქცეოდნენ და არასრულად ვაქცინირებულ ადამიანებში დაავადებასაც კი იწვევდნენ. ამ რისკის გამო აშშ-მ დაიწყო მხოლოდ პოლიომიელიტის "არააქტიური" ვაქცინის გამოყენება. ხოლო იმისათვის, რომ პოლიო მთელს მსოფლიოში აღიგავოს, აუცილებელია ყველა ქვეყანამ შეწყვიტოს ორალური ვაქცინის გამოყენება.

პოლიომიელიტით დაავადებული ბავში (ინდოეთი)

ფოტო: Health Issues India

"გამომდინარე იქიდან, რომ დაავადებული ადამიანის პოლიომიელიტის ვირუსის წყარო ორალური ვაქცინაა, გამოდის, რომ ის ამერიკის საზღვრებს მიღმა, იმ ქვეყანაში დაინფიცირდა, რომელშიც იყენებენ ამ ტიპის ვაქცინას, რადგან შეუძლებელია რევერტანტი შტამი არააქტიური ვაქცინიდან გაჩნდეს", — აცხადებენ ჯანდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში. ბოლოს პოლიომიელიტის შემთხვევა აშშ-ში 2013 წელს დაფიქსირდა და მაშინაც მიზეზი ორალური ვაქცინა იყო.

"იმაზე დაყრდნობით, თუ რა ვიცით ამ ქეისზე და ზოგადად პოლიომიელიტზე, ჯანდაცვის დეპარტამენტის ყველას მოუწოდებს, რომ, რაც შეიძლება მალე, აიცრან ან დაიბუსტონ FDA-ის მიერ დამტკიცებული პოლიომიელიტის IPV ვაქცინით", — აცხადებს მარი ბასეტი, ჯანდაცვის სახელმწიფო რწმუნებული.

"პოლიომიელიტის აპრობირებული ვაქცინა არის სრულიად უსაფრთხო და ეფექტიანი და ის უკვე მრავალი წელია, ბავშების იმუნიზაციის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს", — ამბობს ბასეტი.

პოლიოს ვაქცინით აცრა აშშ-ის სასკოლო იმუნიზაციის ფარგლებში ბავშვობიდანვე მოითხოვება, ასე რომ, ადამიანთა დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში ადრეული წლებიდანვეა დაცული ამ ვირუსისგან.