ალბათ, გახსოვთ, რომ 2021 წელს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და განხილვადი ფილმი Don't Look Up (არ აიხედო) იყო, რომელიც თანამედროვე სახელისუფლო მმართველობის, პოლიტიკის, მედიისა და ზოგადად ცხოვრების სტილის სატირაა.

ნეტფლიქსის ეს პოპულარული ფილმი აპოკალიფსურ სცენარზე მოგვითხრობს, სადაც მეცნიერები ცდილობენ, კაცობრიობა გააფრთხილონ, რომ დედამიწას გამანადგურებელი კომეტა უახლოვდება. სიუჟეტი მეტწილად კლიმატის კრიზისთან დაკავშირებით გლობალური განწყობის ალეგორიაა.

კლიმატის კრიზისი ვახსენეთ და სანამ მეცნიერებისა და ექსპერტების მნიშვნელოვანი ნაწილი აცხადებს, რომ დედამიწაზე სწრაფად მიმდინარე ცვლილებები საგანგაშოა, ხოლო პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ასევე ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე პირები ამ ინფორმაციას მეტწილად უყრუებენ და მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ, ამასობაში წელს ევროპაში უზომოდ ცხელი ზაფხულია, რამაც ასეულობით ხანძრის კერა გააჩინა და მრავალი ადამიანის გარდაცვალებაც კი გამოიწვია.

სიცხის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ლონდონშიც: ინგლისის დედაქალაქში ტემპერატურამ პირველად გადააჭარბა 40°C-ს. ამის მიუხედავად, ბრიტანული მედიის გარკვეული ნაწილი სათანადო სერიოზულობით მაინც არ ეკიდება შექმნილ სიტუაციას.

ტვიტერის მომხმარებელმა ბენ ფილიპსმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ფილმის Don't Look Up სცენას ადარებს ბრიტანულ ტელევიზიის რეალურ კადრებს და მსგავსება იმდენად დიდია, რომ ვიდეო მთელ ინტერნეტს მოედო.

ფილმში ჯენიფერ ლოურენსის პერსონაჟი ცდილობს, რომ ჟურნალისტების ყურადღება მიიქციოს და მისი სათქმელი სერიოზულად აღიქვამენ, თუმცა ჟურნალისტი მას ეუბნება: "აქ ყველაფრის მძიმე ფერებში დანახვას ვერიდებით".

ანალოგიურად ბრიტანულ ტელევიზიაში მიწვეული ჰყავდათ მეტეოროლოგი, რომელიც პირდაპირ ეთერში ევროპაში ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით ლაპარაკობდა:

"ვფიქრობ, შემდეგ კვირაში ათასობით თუ არა, ასობით სიკვდილის შემთხვევა გვექნება. მონაცემები, რომლებსაც ვუყურებ, შემაშფოთებელია. ყველას მოგვწონს სასიამოვნო ამინდი, მაგრამ ეს ეგ შემთხვევა არ არის. ეს პოტენციურად მომაკვდინებელი ამინდი იქნება".

თუმცა ახალი ამბების წამყვანი მას სიტყვა შეაწყვეტინა:

"ოჰ, ჯონ. მინდა, რომ ამინდით უბრალოდ ბედნიერები ვიყოთ. არ ვიცი, რა მოგივიდათ ასეთი მეტეოროლოგებს, რომ ფატალიზმითა და წინასწარმეტყველებით ასე დაინტერესებულები გახდით".

სხვებმა გაიხსენეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბრიტანულ მედიაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გაფრთხილებებს აგდებულად ხვდებიან:

როცა Don't Look Up გამოვიდა, მაყურებლები ორ დაპირისპირებულ მხარედ დაიყვნენ: ისინი, ვისაც მოეწონა და ისინი, ვისაც არ მოეწონა. შეიძლება, ამ სტატიის მკითხველთა დიდი ნაწილიც ამ "ბანაკებიდან" რომელიმეში იყო, მაგრამ ვერცერთი მხარე ვერ უარყოფს, რომ კინემატოგრაფიულად იყო თუ არა კარგი ფილმი ის, ფაქტია, რომ მეტისმეტად რეალისტური ნამდვილად იყო.

ფოტო: Netflix