აშშ-ის კოლეჯის კამპუსებში შექმნილმა ასოციაციებმა, რომლებიც მწერალ ჯოან როულინგის შექმნილ თამაშს, ქვიდიჩს, თამაშობენ, პოტერიადის ავტორთან გასამიჯნად, თამაშს სახელი შეუცვალეს. ჯადოქრების საყვარელ თამაშს ამიერიდან ქვადბოლი ერქმევა.

ქვიდიჩი სპორტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც პირველად ჰარი პოტერის გამოგონილ სამყაროში გამოჩნდა. მას შემდეგ, წიგნებისა და ფილმების ფანებმა გადაწყვიტეს, თავიანთი საყვარელი თამაში რეალობაშიც გაეცოცხლებინათ და ამისთვის ზოგან ასოციაციებიც კი ჩამოაყალიბეს. 2005 წელს შექმნილი სპორტის სახეობა 40 ქვეყანაში 600-მდე გუნდს აერთიანებს.

ზოგიერთმა ამერიკულმა და ბრიტანულმა ასოციაციამ ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს გამოთქვა სურვილი, თამაშის სახელი შეეცვალათ. მაშინ ნაწილი ამის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ ქვიდიჩზე საავტორო უფლებას კინოკომპანია Warner Bros. ფლობდა. თუმცა, ზოგიერთი გაერთიანება მიიჩნევდა, რომ თამაშისთვის სახელის შეცვლა როულინგის ტრანსფობიური განცხადებების გამო, მისგან გასამიჯნად უფრო იყო საჭირო.

"გარკვევით აღვნიშნეთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველი ორივე მიზეზი იყო", — აღნიშნავს ამერიკული ქვადბოლისა და ქვადბოლის მთავარი ლიგის წარმომადგენელი, ჯეკ მაკგოვერნი, — "არ ვაპირებთ, შევაფასოთ, რომელი მიზეზი უფრო მნიშვნელოვანი იყო".

სამომავლოდ, სახელი შეეცვლება ქვიდიჩის საერთაშორისო ასოციაციასაც.

რა ხდება როულინგის თავს

იმის მიუხედავად, რომ ჰარი პოტერი წლების შემდეგაც რჩება ფანების საყვარელ ისტორიად, ბოლო წლებში საგის ავტორი, ჯოან როულინგი, კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ გაეხვა. მიზეზი დიდწილად მისი შეხედულებები გახდა — მწერალი ბევრჯერ დაადანაშაულეს ტრანსფობიაში.

თავდაპირველად, ამის საფუძველი მკვლევარ მაია ფორსტეიტერის დაცვა გახდა. ეს უკანასკნელი სამსახურიდან ტრანსფობიური განცხადების — "კაცებს ქალად გახდომა არ შეუძლიათ" — გამო დაითხოვეს. მოგვიანებით, როულინგმა ტვიტერზე დაწერა, რომ "ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ, შესაფერისი სიტყვა უკვე გვქონდა". შემდეგ, მწერალი თავის დეტექტიურ რომანში ბოროტმოქმედად "ქალად გადაცმული კაცის" გამოყვანისთვის გააკრიტიკეს.

კრიტიკამ კი სხვადასხვაგვარი ფორმა მიიღო — ტიკტოკის მომხმარებლები ჰარი პოტერის წიგნებსაც კი წვავდნენ. რამდენიმე თვის წინ როულინგმა ტვიტერზე ასევე დაწერა, რომ თავისი სახლის მისამართი "სამმა აქტივისტმა" გაასაჯაროვა. ეს ფაქტი სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ და შოტლანდიის პოლიციამ აღკვეთეს, თუმცა, მწერლის თქმით, მან სიკვდილის მუქარებიც კი მიიღო.

მწერლისადმი "მიმართული სიძულვილის ტალღა" არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის, ჯადოსნური არსებების მსახიობმა ედი რედმეინმა დაგმო.

რამდენიმე თვის წინ როულინგმა ტვიტერზე სტატიაა გააზიარა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "პოლიცია კაცის გენიტალიების მქონე გამაუპატიურებელს ქალად აღნიშნავს, თუკი თავდამსხმელი საკუთარ თავს ქალად აიდენტიფიცირებს".

"ომი მშვიდობაა. თავისუფლება ტყვეობაა. უგუნურება ძალაა. პენისიანი ინდივიდი, რომელმაც გაგაუპატიურა, ქალია", — დაწერა მწერალმა ტვიტში.

სხვათა შორის, როულინგი არ მიუწვევიათ ჰარი პოტერის 20 წლის საიუბილეო გადაცემაში. საათნახევრიან სპეცეპიზოდში პოტერიადის შემქმნელი ჯამში წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში, არქივიდან ამოღებული კადრებით აჩვენეს. მწერალთან გასამიჯნად ქვიდიჩის მსოფლიო ასოციაციებმაც გადაწყვიტეს სახელის შეცვლა. ავტორი რამდენიმე თვის წინ ანტისემიტიზმშიც დაადანაშაულეს.

აღსანიშნავია, რომ როულინგმა — მსოფლიოში პირველმა მწერალმა, რომელმაც წერით მილიარდი დოლარი გამოიმუშავა — თავისი დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით რამდენიმე თვის წინ უკრაინის ომის დროს დაზარალებული ბავშვებისა და ბავშვთა სახლების დახმარება გადაწყვიტა.

ნახეთ ჩვენი ყველა მასალა ჰარი პოტერზე.